შიდა ქართლიდან ლუგარში გაგზავნილი 68 საკვლევი ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 68 საკვლევი ნიმუშიდან კოვიდ 19 არცერთ პირს დაუდასტურდა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას“ სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი საგანგებო შტაბიდან აცნობეს.

როგორც შტაბში განმარტავენ, გაგზავნილი ნიმუშები სამედიცინო პერსონალსა და რეგიონის მასშტაბით არსებულ ე.წ ცხელების ცენტრებს ეკუთვნის. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისს, სადაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული უმცროსი მედდა და მისი კონტაქტები ცხოვრობდნენ – ამ დრომდე, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ცნობისთვის, შიდა ქართლში, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით დაინფიცირების 10 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელიც უმცროსი მედდის კონტაქტებიდანაა, უკვე გამოჯანმრთელდა და ბოჭორიშვილის კლინიკა გუშინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები