შიდა ქართლში სამშენებლო პროცესი განახლდა
შიდა ქართლში სამშენებლო პროცესი განახლდა. თითოეულ მინიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანმა ატენში, სიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აღემატება.
პროექტი მოიცავს არსებული გზების რეაბილიტაციას, საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკისა და პარკირების მოწყობას. ასევე, პროექტში გათვალისწინებულია ხუთ წერტილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს განთავსება.
გარდა ტურისტული ინფრასტრუქტურისა, რამდენიმე დღეში ხიდისთავი-ატენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც საგრძნობლად გაამარტივებს როგორც ადგილობრივების, ისე – ტურისტების გადაადგილებას. პროექტს საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.