უბისა-შორაპნის საავტომობილო გზის მშენებლობაზე შუახნის მამაკაცი დაშავდა
უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის მშენებლობისას შუახნის მამაკაცი დაშავდა. 59 წლის მამაკაცმა, რომელიც ბულდოზერის ოპერატორია, დაზიანება ტექნიკის ექსპლუატაციის დროს მიიღო. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ქვედა კიდურის ამპუტაცია. მამაკაცი ამჟამად ზესტაფონში, კლინიკა “ფერომედშია” მოთავსებული. მედიკოსების თქმით, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.
“პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მოვინახულეთ და ყველანაირი დახმარება აღვუთქვით. ყველა ხარჯი იქნება კომპანიის მხრიდან გაწეული. რაც შეეხება ფაქტს, გამოძიება დაწყებული და გვეცოდინება რა მოხდა და რა ვითარებაში”,- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ზომების დარღვევას გულისხმობს.