საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება
სექსუალური შევიწროების კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარო უწყებებში სექსუალური შევიწროების გამოვლენისა და რეაგირების შიდაორგანიზაციული მექანიზმების დანერგვაზე ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს.
საჯარო სამსახურის ბიუროსა და მთავრობის ადმინისტარციის თანათავმჯდომარეობით, საკითხზე მომუშავე ჯგუფის დისტანციური შეხვედრა უკვე გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი უწყებების მიერ უკვე გატარებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოცდილებაზე. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა წარადგინა ორგანიზაციის პროგრესი ქვეყანაში სექსუალური შევიწროების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით.
სამუშაო პროცესის შედეგად, შემუშავედება ერთიანი პროტოკოლები და პრინციპები, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს საჯარო უწყებამ სექსუალური შევიწროების ფაქტის დაფიქსირების დროს.
2019 წლის მაისიდან სექსუალური შევიწროება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი გახდა როგორც საჯარო სივრცეებში, ასევე, სამსახურში, სასწავლებელსა და სხვა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.