63 წლის ქალს, რომელმაც შვილის გარდაცვალების შემდეგ მეტყველების და გადაადგილების უნარი დაკარგა, “რეგიონული კვირის” დახმარებით ეტლი აჩუქეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მცხოვრებ 63 წლის ლალი ღურჭუმალიძეს , რომელსაც შვილის გარდაცვალების შემდეგ გადაადგილებისა და მეტყველების უნარი წაერთვა, ინვალიდის ეტლი ესაჭიროებოდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და  მის შეძენას საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებდა. გულისხმიერი ადამიანების იმედით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი “რეგიონული კვირის“  რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთის ბიუროს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

“რეგიონული კვირის” ჟურნალისტმა, მარინე სვანიძემ მაშინვე იმ ადამიანის მოძიება დაიწყო, რომელიც ოჯახის დახმარებას და 63 წლის ქალბატონისთვის ეტლის შეძენას მოახერხებდა.

“ცაგერში ქალთა საბჭოს თავმჯდომარეს,  გულნაზ გოლეთიანს დავუკავშირდი და საქმეში ცნობილი ლეჩხუმელი ქალბატონი მაგდა ყურაშვილი ჩავრთეთ. ლეჩხუმელი მაგდა ყურაშვილისთვის, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს , ქველმოქმედება უცხო ნამდვილად  არაა და პანდემიის დღეებში, იგი უამრავ ადამიანს დაეხმარა მშობლიურ კუთხეში. მან, ინფორმაციის გაგებისთანავე, 2 დღეში თბილისში შეიძინა ეტლი. იმისთვის, რომ ქალბატონ ლალისთვის  ის დროულად მიგვეწოდებინა , ტრანსპორტირებაში ლეჩხუმელი ბიზნესმენი, სერგო ხაბულიანი დაგვეხმარა“, -ამბობს „რეგიონული კვირის“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ჟურნალისტი მარინე სვანიძე.

ეტლის გადასაცემად სოფელ ორბელში მისულ “რეგიონული კვირის” გადამღებ ჯგუფს  ქალბატონი ლალი მეზობლისგან ნათხოვარ სავარძელში დახვდა. როგორც მისი ერთადერთი მომვლელი, ქალიშვილი -თიკო გვიშიანი ამბობს, ოჯახში ტრაგედია და უბედურება მაშინ დაიწყო, როცა ახალგაზრდა ძმა- კახა  მოულოდნელად გარდაიცვალა.

“ჩვენი ტრაგედია წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როცა კახა მოულოდნელად, ლეიშმანიოზის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას, ფინანსური პრობლემების გამო, ექიმთან ვიზიტი დააგვიანდა. კახა ჯებირების მშენებლობაზე მუშად მუშაობდა და მისი კუთვნილი ანაზღაურება დღესაც  არ გვაქვს აღებული. 30 ლარიანი სოციალური დახმარებაც კი მომიხსნეს, ძროხები გყავსო. დედას, დიდი ძალისხმევის შემდეგ, პირველი ჯგუფის ინვალიდობა ახლახანს დაუდგინეს. მხოლოდ მისი პენსიის ამარა დავრჩი. ეტლი მეზობელმა მათხოვა, მწყობრიდანაა გამოსული, მაგრამ მის ყიდვას ვერ შევძლებდი და ამას დავჯერდით. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი თანადგომით”,– ამბობს თიკო გვიშიანი.

ოჯახის მეზობლები თიკოს შესახებ აღტაცებით საუბრობენ. მათი თქმით,  კაფანდარა გოგო, შეუძლებელს აკეთებს და მარტო უვლის დედას, რომელიც საწოლსაა მიჯაჭვული. დედა-შვილს თვიდან თვემდე ლალის პენსიით ძლივს გააქვს თავი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, თიკო იმედს არ კარგავს და გულისხმიერი ადამიანების თანადგომით, დედას მოვლა-პატრონობას არ აკლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები