ბოლნისში, სოფელ რაჭისუბანში განმეორებითი თერმოსკრინინგის მესამე ეტაპი მიმდინარეობს
სოფელ რაჭისუბანში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვების მოხსნისთვის წინასმოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მედიკოსები სოფელში თერმოსკრინინგის მესამე ეტაპს ახორციელებენ.
თერმოსკრინინგის დროს საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მედიკოსები მოქალაქეებს კორონავირუსზე კვლევისთვის ბიოლოგიურ ნიმუშებს აუღებენ.
თერმოსკრინინგის შედეგებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, სოფელ რაჭისუბნის გახსნა უახლოეს 2 დღეში იგეგმება.
ცნობისთვის, სოფელი რაჭისუბანი და ქალაქი ბოლნისი 16 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფელში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა, ყველა პაციენტი ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია. რაჭისუბანში COVID-19-ის შემთხვევა ბოლოს 21 აპრილს დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ, ამ დროისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 150 მოქალაქეს დაუდასტურდა. 59 პირი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში 85, კარანტინში კი 69 მოქალაქე იმყოფება.