“დაპროგრამებულებივით არიან, ყოველდღე 6-ის ნახევარზე იკრიბებიან” – ოზურგეთელი ვეტერინარი მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს

ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში ბოლო პერიოდში, მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე შეინიშნება. ცხოველები, მას შემდეგ რაც მათი კვების მთავარი წყარო,  რესტორნები დაიკეტა, მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად დარჩნენ. საბედნიეროდ, ქალაქში ასეთი ადამიანი არც ისე ცოტაა.  ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ვეტერინარი, თეონა მარტიკოვია. თეონასთან, ვეტერინარული აფთიაქის წინ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიუამრავი ძაღლი იყრის თავს. თეონა მათ დილა-საღამოს კვებავს და საჭიროების შემთხვევას, სამედიცინო დახმარებასაც უწევს.

“რეგიონული კვირა” თეონას იმ დროს ეწვია, როცა ის ძაღლების დაპურებას აპირებდა. როგორც გვიყვება, ცხოველების მიმართ სიყვარული ბავშვობიდან აქვს, ამიტომ მომრავლებული ცხოველების მიმართ გულგრილი ვერ დარჩა.

“ადამიანი როცა ხარ და ადამიანობა გაქვს, რატომ არ უნდა გააკეთო მსგავსი რამ. მით უმეტეს, როცა მიუსაფარია, ჩვენზე არის დამოკიდებული. ჩვენთვის ერთი ლუკმა პური, მათთვის ყველაფერია. სიცოცხლე შევუნარჩუნოთ და არ გავწიროთ სასიკვდილოდ. გარდა ამისა, ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები, მით უმეტეს ახლა, ამ პროფესიაში რომ ვარ, კიდევ უფრო გამიმძაფრდა სიყვარული. დღევანდელი მდგომარეობა, რაც უფრო მომრავლდა ეს ქუჩის ძაღლები, მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს. აქ კიდევ მარტო კვება არ არის. ძალიან ბევრი ძაღლი არის დაავადებული, ძირითადად ეს არის კანის პრობლემები, ე.წ. “მუნი” ბევრს აქვს. ყველაფერს ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ. ვმკურნალობთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება შეღავათი მივცეთ ამ ძაღლებს, რომ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე”,- ამბობს ახალგაზრდა ვეტერინარი.

თეონას თქმით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ოზურგეთის ქუჩებში უპატრონო ძაღლების სიმრავლე შეინიშნება. ეს ერთი მხრივ იმითაც არის გამოწვეული, რომ მიუსაფარი ცხოველების ერთ – ერთი ძირითადი წყარო, რესტორნები, დროებით დაიხურა. შესაბამისად, ამ ძაღლებმაც საკვების პოვნის ალტერნატიული საშუალებების ძებნა დაიწყეს.

“რაც კორონავირუსი გავრცელდა ქვეყანაში და რესტორნები დაიკეტა, ეს ძაღლები უფრო მეტად მოეფინინენ ქალაქს. გადავიდნენ საკვების ძიებაზე. ძირითადად რესტორნებთან იყრიდნენ თავს და იკვებებოდნენ. იქ უკვე ვერაფერი ვერ იშოვეს და გამოვიდნენ საშოვარზე. მე მგონი, ერთმანეთს გადასცემენ, მიდი, იქ არის საკვები, ასე ატყობინებენ ერთმანეთს. არც ერთ ძაღლს არ ვტოვებთ უყურადღებოდ, ვისაც ვნახულობთ. ერთადერთი თხოვნა მაქვს ადამიანებთან, მესმის რთული პერიოდია, გამოიჩინონ ადამიანობა, ერთი ლუკმა პური გაიმეტონ მათთვის. მადლობა ღმერთს, არსებობს ასეთი ადამიანები. ჩვენს აფთიაქთან რეგულარულად დაახლოებით 7 – 8 ძაღლი იყრის თავს, დილით პურით ვკვებავთ, საღამობით ძაღლის სპეციალური საკვებით. დაპროგრამებულები არიან, რომ საღამოობით, 6 ნახევრიდან შეიკრიბონ და დაელოდნონ. ერთი ძაღლი სახლთან მყავს, კორპუსის ეზოში”,- ყვება თეონა.

ახალგაზრდა ვეტერინარის ყველაზე დიდი სურვილი, ოზურგეთში ძაღლების თავშესაფრის მოწყობაა, რაც სამწუხაროდ, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

“ჩემი დიდი სურვილი და ოცნებაა, მქონდეს დიდი თავშესაფარი ძაღლებისთვის, ჩემი პირადი სახსრებით. მოგეხსენებათ, ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. არ ვიცი, ამას როდის შევძლებ, ჯერჯერობით ასე გავაგრძელებ, რაც შემიძლია.
ადამიანებს მოვუწოდებ: ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და მერე მივხედოთ ცხოველებსაც. ერთობლივი ძალისხმევით ყველამ ერთიანად ვაკეთოთ ყველამ კეთილი საქმე”, ამბობს თეონა მეტიკოვი.

ჩვენი საუბრის ბოლოს რამდენიმე ძაღლმა მოიყარა თავი, ზოგიერთმა, ყველაზე გაბედულმა, აფთიაქშიც შემოიხედა და იქვე, საერთო სათლიდან შეუდგა ვახშმის მირთმევას. შემდეგ თეონამ მათ თავიანთი კუთვნილი ვახშამი აფთიაქის წინ გაუტანა, ძაღლებმაც მიაშურეს თავიანთ მზურუნველს.
ხვალ ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება, ისევ მოიყრიან თავს შესაბამის დროს აფთიაქთან და დაელოდებიან კუთვნილ ულუფას, მზრუნველი ვეტერინარი კი კვლავ გააგრძელებს მათ გამოკვებას და ზრუნვას ადამიანის საუკეთესო მეგობრებზე – ძაღლებზე.

თათია სამსონიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები