რუსთავის ცენტრალური პარკი დამსვენებლებისთვის დღეიდან გაიხსნება
დღეიდან რუსთავის ცენტრალური პარკი დამსვენებლებს ისევ მიიღებს. რეკრეაციული სივრცის გახსნამდე, აქ არსებული სიტუაცია, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელ დავით ბეგაშვილთან და ,,რუსთავსერვის ცენტრის” წარმომადგენლებთან ერთად შეამოწმა.
პარკში გასეირნების მსურველ რუსთაველებს, რეკრეაციულ სივრცეში ჩასვლა, კომენდატის საათით გათვალისწინებული შეზღუდვის გარდა, დღეიდან ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
ქალაქის ცენტრალური პარკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თითქმის ორი თვის განმავლობაში იყო დახურული. რეკრეაციული სივრცე დამსვენებლების მისაღებად, ,,რუსთავსერვის ცენტრმა”, რამდენიმე დღის წინ მოამზადა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, სანიტარულად დაამუშავა სკამები და ბავშვთა ატრაქციონები.
,,სასიხარულოა, რომ ნელ-ნელა გვეძლევა იმის საშუალება, რომ შეზღუდვები მოვხსნათ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. დღეს პარკი გავხსენით დამსვენებლებისთვის, რადგან ქალაქში ვირუსის გავრცელების მხრივ სტაბილური მდგომარეობაა. ახლა მთავარია, ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ. მინდა თხოვნით მივმართო რუსთაველებს, პარკში სეირნობისას, დაიცვან სოციალური დისტანცია და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის გაცემული ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ” ,- განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებს ,,რუსთავსერვის ცენტრი”. კორონავირუსის ახალი შემთხვევა რუსთავშ, 2 მაისის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.