კვალითის დასახლებაში სკვერისა და საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო
კვალითის დასახლებაში, მელქაძის ქუჩაზე ერთდროულად დასასვენებელი და სპორტული სივრცის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 66 857 ლარია და მას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
მათივე ცნობით, სკვერისა და სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზესტაფონის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა – შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.
“პროექტი, რომელსაც კვალითის დასახლებაში ვახორციელებთ, მოსახლეობისთვის კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე იქნება საკუთარ უბანში, განახლებული სპორტული მოედანი კი, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას დაკავდნენ სპორტით და ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვრონ”, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.
ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, სატენდერო ვალდებულებით, სკვერისა და სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “გზები 2 ” ახორციელებს. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს იგეგმება.