მამუკა მდინარაძე: ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გვქონდეს მყარი გარანტია და საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს
„ოპოზიციის პიარულ თავხედობაზე საზოგადოებას დარწმუნებული ვარ, არჩევნებში და მანამდეც თავისი რეაქცია ექნება, ჩვენ ყველა შემთხვევაში ვეცდებით მაქსიმალურად, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდეს”, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის გარეშეც შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, ხოლო ოპოზიციას მათი „პიარული თავხედობის” გამო საზოგადოება გასცემს პასუხს.
„ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მეტი გარანტიისათვის ყველა ოპოზიციური ძალის ხმები ყოფილიყო და მათ დაეჭირათ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის. ეს იქნებოდა მყარი გარანტია იმისათვის, რომ არცერთ შემთხვევაში ერთი პროცენტიც კი არ იქნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, მაგრამ მათ გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მხარდაჭერას ჩვენ შევძლებთ იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი, ფაქტობრივად, მთლიანად უჭერს მხარს და, ამას გარდა, დამოუკიდებელი ფრაქციები და დეპუტატები, მათ შორის, საუბარია ჩვენგან გასულ დეპუტატებზე, უჭერენ მხარს. მე ვფიქრობ, ეს ხმები საკმარისი იქნება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პიარული თავხედობაა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ საზოგადოების დაკვეთაა მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა პროპორციულთან და დღეს ამბობენ, რომ ჩვენ გავდივართ ამ შეთანხმებიდან და მხარს არ დავუჭერთ, ამაზე საზოგადოება გასცემთ პასუხს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.