დავით ჩიხელიძე: კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მოუწოდებენ, საარჩევნო ცვლილებები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არ განხორციელდეს
„არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საარჩევნო ცვლილებები არ განხორციელდეს!”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, ოპოზიცია მიკერძოებულია და მხოლოდ იმ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მისთვის სასარგებლოა, მიუღებელ განცხადებებს კი გულმოდგინედ ივიწყებს.
„ოპოზიციის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს საუბარი საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საარჩევნო ცვლილებები არ განხორციელდეს!
როგორც წესი, ოპოზიცია აქტიურად აპელირებს ევროპულ გამოცდილებაზე და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადებებს, მაგრამ ისინი, როგორც ყოველთვის, მიკერძოებულები არიან და მხოლოდ იმ განცხადებებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც მათთვის საინტერესო და სასარგებლოა, მათთვის მიუღებელ განცხადებებს კი გულმოდგინედ ივიწყებენ”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.
„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელს მაგალითად რამდენიმე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება მოჰყავს.
„არსებობს რამდენიმე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება, რომლებიც საქართველოს მოუწოდებენ, საარჩევნო ცვლილებები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არ განხორციელდეს. აღნიშნულ მოწოდებას ახორციელებენ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორებიცაა ვენეციის კომისია, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისი და სხვა.
ვენეციის კომისია ამბობს: ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დემოკრატიისა და არჩევნების სანდოობისთვის მნიშვნელოვანია კანონმდებლობის სიმყარე, „საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტურ ელემენტებში” (საარჩევნო სისტემები, საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, საზღვრები) არაუგვიანეს არჩევნებამდე ერთი წლისა ცვლილება არ უნდა შევიდეს!
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისი: საერთაშორისო კარგი პრაქტიკის მიხედვით, უმჯობესია, საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად ასპექტები არ გაიხსნას ცვლილებებისთვის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე!
აღნიშნული გახლავთ მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციების მოსაზრება, რომელიც გამყარებულია საუკეთესო პრაქტიკით და რეალურ ცხოვრებაში არაერთგზის არის გამოცდილი”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.