გიორგი კახიანი: „ნაცმოძრაობის” მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარი მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის ქვეყნის წარმატება არ არის სასურველი

„მიზეზი, რომელიც ხელს უშლიდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, იყო საგანგებო მდგომარეობა, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება, პარლამენტი გააგრძელებს კონსტიტუციური ცვლილებების განხილვას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდაპირველად დასრულდება საყოველთაო-სახალხო განხილვის ეტაპი, ხოლო ამის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. მისივე განცხადებით, ივნისის ბოლომდე შესაძლებელი იქნება კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვის დასრულება.

„რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას ამ პროცესთან მიმართებით – იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გარეშეც. თუმცა, რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აიღეს ამ შეთანხმების ხელმოწერისას და დღეს გადაწყვიტეს, რომ მას მხარი არ დაუჭირონ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხმების გარეშეც განვახორციელებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა მათი მოქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის წარმატება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მათთვის არ არის სასურველი”, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები