თელავის მუნიციპალიტეტის მერმა 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
კორონავირუსის პრევენციის მიზნით მასშტაბური ღონისძიებების დროებით გაუქმების გამო, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია ონლაინრეჟიმში გამართა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, მერმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებსა და საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, სოციალური და კულტურული მიმართულებების შესახებ.
“გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრა გადაიდო და დღეს ონლაინფორმატში გაიმართა. მოქალაქეებს მივაწოდე ინფორმაცია გასულ წელს გაწეული საქმიანობის, მათ შორის, პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, როგორიც არის ჯანდაცვა, სოციალური და ინფრასტრუქტურის, კულტურის მიმართულებები. საუბარი შეეხო მიმდინარე წელს განსახორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსაც. ვფიქრობ, მსგავსი ფორმატის ღია საუბრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მერიის ეფექტური მუშაობის, ასევე, საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით”, – აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის ონლაინანგარიში EEMCD თელავის დემოკრატიის სკოლის მხარდაჭერით გაიმართა.