ზუგდიდში, ენგურ ქაღალდ კომბინატის დასახლებაში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე 23-ე საცხოვრებელი კორპუსის კანალიზაციის მილი, რომელიც უკვე თვეზე მეტია, დაზიანებულია და ფეკალური მასები მიწის ზედაპირზე იღვრებოდა, ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა უკვე მოაწესრიგა.
როგორც ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიგა მელიამ „რეგიონულ კვირას“ განუცხადა, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა არსებულ პრობლემაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.
მისივე განმარტებით, დაზიანებული საკანალიზაციო მილი სრულად გაიწმიდა, რაც წყლის დაგუბვასა და ზედაპირზე ფეკალური მასების გადმოსვლას იწვევდა.
„კორპუსების გადაერთება ახალ ქსელზე მას შემდეგ მოხდება, რაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე საუკუნოვანი პროექტი დასრულდება, რომელიც წყალარინების სრულ განახლებას გულისხმობს“, – განაცხადა გიგა მელიამ.
ადგილობრივების თქმით, პრობლემა თვეზე მეტია, რაც აწუხებდათ, რის გამოც სასმელი წყალი კორპუსის მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდებოდა. მოსახლეობის განმარტებით, მერიიდან მანამდე ორჯერ იყო სამუშაო ჯგუფი მისული, თუმცა პრობლემის სრულად აღმოფხვრა დღეს მოხდა.