შვილიშვილის თვალით დანახული ბაბუა – როგორ იხსენებს კოკო გამსახურდია დიდ კონსტანტინეს
“ბაბუა ჩემს მეხსიერებაში დარჩა როგორც ასკეტური გარეგნობის მოხუცი, ხშირად საქმეში ჩაძირული თავის სამუშაო მაგიდასთან, რომლის უკანაც წიგნების შუშებიანი კარადა იდგა, და იმჟამად ბავშვს, რახან დიდი ბიბლიოთეკები ნანახი არ მქონდა, მეგონა რომ უფრო დიდი კარადა წიგნებით სავსე არ არსებობს”,-ასე იხსენებს ბაბუას, დიდ კონსტანტინე გამსახურდიას მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია.
“ლადო გუდიაშვილის მიერ მოხატულ ჭერზე შვლები და დახლართული დეკორაციები მოჩანდა, რომლებიც “ვეფხისტყაოსნის” ამავე მხატვრის ნახატებს გავდა; უკან მალაქიტის ქვებით ანაგები ბუხარი, რომელშიც ხშირად ენთო ცეცხლი, კედელზე მარცხნივ მწერლების ერთობლივი ფოტო ეკიდა, ქუთაისის ბაღში მხოცავან აკაკი წერეთელთან ერთად გადაღებული, რომელზეც აკაკის გარდა მოჩანდნენ ბაბუა, კლდიაშვილი, გალაკტიონი, ტიციანი, ევდოშვილი. სამუშაო მაგიდა იმავდროულად სტუმრების მაგიდად შეიძლება ქცეულიყო, რომელზეც ერთი ჭიქა ღვინო იდგა ხოლმე, და ეს ეს ერთი ჭიქა მთელი დღე ყოფნიდა როგორც წესი. ხოლო მაგიდის წინ სვეტიცხოვლის არც თუ მცირე ზომის მაკეტი იდგა, და როგორც მე მეჩვენებოდა, ფერითაც საკმაოდ ზუსტად მიმსგავსებული. ეს ის ფერია, რომელიც დღის სხვადასხვა მონაკვეთებში, სინათლის ინტენსივობისდა მიხედვით იცვლება. სადღაც ახლოს, კუთხეში კი ექვთიმე თაყაიშვილის ნაქონი ჯოხი მახსოვს, მრგვლოვანი ხელმოსაკიდით, რომელიც ღვთისკაცის გარდაცვალების შემდეგ მწერალს დარჩენია. რამდენიმეჯერ ცხენჯოხადაც კი წარმოვიდგინე იგი.
ბაბუა ხშირად საქმეში იყო ჩაძირული, ხშირად კი გულგასხნილი, თითქოს რაღაც ახალი სინათლის სხივის მეცნე, გვესაუბრებოდა. როდესაც სტუმრები ყავდა, ისინი ისეთ თემებზე საუბრობდნენ, მე რომ ბოლომდე არ მესმოდა, თუმცა წარმომიდგენია – ეს ის საკითხები იყო, რაზეც გარეთ ჩურჩულით შეიძლებოდა საუბარი. მათ წერილობით ფორმაში მოქცევაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია – ასეთ ნაწერებს მაშინდელი ცენზურა დასხეპავდა. ესენი იყვნენ მწერლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები. მოგვიანებით ზვიად გამსახურდია იტყვის, რომ ამ ადამიანებთან მამის კომუნიკაციის შემხედვარემ მე გავიარეო ეროვნული ტკივილის განცდის და მსახურების ერთგვარი აკადემიაო. არადა მოგვიანებით მივხვდი, რომ ბაბუას ბედის განმსაზღვრელი ამბები ჰქონდა გამოვლილი – სამგზის პატიმრობა, მოსკოვის ბუტირკის ციხე და სოლოვკის არქიპელაგი, ჯერაც ბავშვს სმენოდა ილიას მკვლელობა, ენახა პირველი თეთრცხენოსანი თავისუფალი რესპუბლიკის შექმნა და დამხობა, ნაშიმშილარი ყოფილა უცხოეთშიც და თავის ქვეყანაშიც, პირდაპირი გაგებითაც და სამშობლოს ტრფობითაც.
ამ ყველაფერმა მისი ცხოვრება აღბეჭდა. ის ტრიბუნასთან იმდენ ხანს მდგარა, რამდენ ხანსაც არც ერთი ქართველი მწერალი, რადგან ეს ტრიბუნა იყო მისთვის თავისი კულტურული პროგრამის გაცხადების და საზოგადოებასთან მისი მიტანის შესაძლებლობა, მეტადრე მას შემდეგ, რაც ფიგურატიულად კულტურული საალყო წესები გამოაცხადა როგორც ქართული ეროვნული კულტურის, ქართული ეროვნული ინდივიდუალობის და ცნობიერების გადარჩენის გზა, ისე როგორც თავად ესმოდა ამ ახალ ვითარებაში. ეს ვითარება კი დადგა 1924 წლის დიდი ეროვნული აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ”,-წერს კონსტანტინე გამსახურდია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
როგორც მან აღნიშნა, დიდ კონსტანტინე გამსახურდიას მისმა პოზიციონირებამ და შემოქმედებითმა სიმაღლემ მას პირადი მტრები შესძინა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც.
“დიახ, სიტყვაღა დარჩენილა ერთადერთ იარაღად და მწერლობად ქცეულა მის რომანში, ნოველაში, ლექსში, ესსეში, წერილში, თარგმანში, ბიოგრაფიულ ნაწარმოებში. სადაც არის კონსერვატიული აღორძინებაც და მოდერნიც, არის ეპოქის კონკრეტიკაც და ზედროული თემატიკაც, არის პოეტური წიაღსვლებიც და აფორიზმის ლაპიდარობაც, ესთეტიზმიც და მეტარეალიზმიც; ამავე დროს არის ისიც, რაც ხელს უწყობს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ზრდას, რადგან კულტურა, საბოლოო ჯამში როდია დანა-ჩანგლის მოხმარების წესები, ან სუფრასთან ქცევის ეტიკეტი, ის არც მუზეუმში დასაწყობებული ან ექსპონირებული არტეფაქტებია მხოლოდ. კულტურა ცნობიერების ახლადქმნაა, ცოცხალი ფასეულობების კვლავწარმოებაა. ისაა, რასაც კულტურტრეგერი აკეთებს ენით, კალმით, საჭრეთელით, ფუნჯით, საქვეყნო საქმეებით. არასოდეს მწამდაო მხოლოდ წმინდა ფანტაზიისგან გამოკვებილი ხელოვნებაო და მუდამ სინამდვილისგან ამიღიაო ჩემი შემოქმედების პოეტური ანდაზა.
ის ხატება, რაც ჩემს მეხსიერებაში დარჩენილია, უკიდეგანო სევდასაც გამოხატავდა. ეს სევდა ჯვარის და სვეტიცხოვლის დროის დინებისგან დაღარულ და გამოფიტულ კედლებთან ფოტოს გადაღების დროსაც საცნაური იყო. ოდესღაც აქ დიდი მისტერიების გული სცემდა, დღეს ისინი დადუმებულან, თითქოს გაუჩინარებულანო ნიშნებში და დაქარაგმებულ სიმბოლოებში; მე შემიძლია მათ მაჯას ხელი საუკუნეების მერეც დავადო, თითქოს ამბობს მწერალი, მაგრამ საძნელო საქმეა მათი გაცოცხლება – იმიტომ რომ ადამიანები არ არიან, ვინც საკუთარ თავში გააცოცხლებენ მათ. თითქოს იერემიასებური განწყობაა ამ სევდაში, იერუსალიმის დანგრევის და რჩეული ერის ბაბილონს წარტყვევნის გამო, თუმცა მხოლოდ ესეც არ არის: ადრეულ ნაწარმოებებში ესაიას განწყობაც საცნაურია, შემართული, იმედიანი, მზიანი. ამ ანტიპოდურობისთვის გავიხსენოთ ვატიკანის სტანსების იერემია, მოხუცი, რომელსაც ტანჯვით გვემულს დაუხრია თავი და ჩაფიქრებულა; ესაია კი შედარებით ახალგაზრდა კაცია, ვინც წელში გამართული შეჰყურებს მომავალს. ისტორიზმი კი არ არის მასთან, რომელიც კოსტუმირებულია ძველი წყაროების ცოდნით თუ არქეოლოგიის მონაპოვარით, რათა წარსული ეგზოტიკის მოყვარულნი მისით დატკბნენ – თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპისგან განსხვავებით ჩვენი საისტორიო წყაროები მწირია, უამრავი სფეროს ცოდნა ან შეუძლებელია, ან სამარჩიელო დონეზეა შესაძლებელი, ასე რომ მწერალი არ არის მარტივ ვითარებაში – არამედ ეს წარსული სიმპტომატოლოგიიდან და იგავური ნიშნებიდან აღდგენილი გზავნილია მომავალში, რადგან ექზოდუსი, იგივე ეგვიპტიდან გამოსვლა უნდა დაიწყოს. ის გარემოება, რომ რუსული კულტურის და იდენტობის ქართველებში კარგი და ღირსეული ადამიანი არაერთია, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ექზოდუსი არ უნდა განხორციელდეს.
მისმა პოზიციონირებამ და შემოქმედებითმა სიმაღლემ მას პირადი მტრები შესძინა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც, დღესაც არიან ისინი და პერიოდულად ცდილობენ მისი პოზიციის შერყევას, მისი შემოქმედების მნიშვნელობის დაკნინებას. რას იზამო, თავად წერდა, ზოგიერთ მწერლებს და ლამაზ ქალებს ერთნაირი უბედურება სჭირთ: ვინც მათ ვერ მისწვდება, ყველა აგინებსო. მისდამი ბრალდებებიც შესაბამისად იცვლება იმპერიული ცარიზმის ეპოქიდან პოსტკომუნისტურ ეპოქამდე და საკმაოდ ფართო სპექტრად გვევლინება. ხოლო ის, რაც მასთან თეატრალურად და პათეტიკურად ჩანს, სინამდვილეში რაღაც სხვა თვისობრიობასაც ავლენს – იმიტომ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე და ყოფნა-არყოფნის ზღურბლზე თამაშდებოდა. რაღაცნაირი ჰერმენევტიკა გჭირდება, რომ წაიკითხო და ამოხსნა ისტორიულ-ეპოქალური კონტექსტები, კონიუნქტურების წარმოშობა და ისევ დარღვევა, მისი რეაქციები და უკუქცევები, რომ მიხვდე: აქ არის ბაირონულიც და მაკიაველურიც. არის დამმუხტავი მომენტებიც და საჭადრაკო პარტიისთვის დამახასიათებელი გათვლებიც. იმიტომ, რომ რაღაც გადაარჩინოს, ის რაც არსებითია. როგორც ვიდგენშტაინი იტყოდა “კონტექსტი განსაზღვრავს საქმის მნიშვნელოვნებას”.
მისი შემოქმედებაც ასეთია, სვეტიცხოველივით ის რამოდენიმე ეპოქალურ კონტექსტში საინტერესო შეფერილობითაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ სვეტიცხოველი მხოლოდ 12 მოციქულზე გადმოსული საღვთო სიბრძნის ტაძრი კი არ არის, ცეცხლოვან სვეტად გაცხადებული, არამედ ბიბლიური ფენიქსისაც, ფერფლიდან რომ აღსდგება. იგივე იმპულსი მის შემოქმედებაშიც საცნაურია”,-წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.