ირაკლი ბერაია კუბილიუსის განცხადებაზე: სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, გამოყოფილი დახმარების მიღება კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშირონ
“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, გამოყოფილი დახმარების მიღება კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშირონ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.
ბერაიას თქმით, ქართულ-ევროპული ურთიერთობები და საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორობა ძალიან მყარია.
“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, დაუკავშირონ ამ მიზნით გამოყოფილი დახმარების მიღება კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას. ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც მიუღებელია. გასაგებია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დიდი სიხარულით, მონდომებით ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი საქართველოს იმიჯის დაზიანებისთვის – იმისთვის, რომ თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს, თუმცა ქართულ-ევროპული ურთიერთობები, საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორობა არის ძალიან მყარი”, – განაცხადა ბერაიამ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს 500 მლნ ევროთი დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის, კანონის უზენაესობის კუთხით.