ქობულეთში საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, საერთაშორისო სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი, ხელშეკრულების მიხედვით, 18 თვეში აშენდება და მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის ნარჩენების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია ,,გოქსინ ინშაათი’’ აშენებს, რომელმაც დონორის სახსრებით გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონი ევროა. 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD)-ის იაფი სესხის ფარგლებში, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება.
ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის ობიექტის და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს. პროექტზე გაცემულია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
ახალი სანიტარული პოლიგონი, პირველი თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული.
შპს ,,,აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის’’ დირექტორის ჯაბა სურმანიძის განცხადებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებებთან დაკავშირებით 2018 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დამატებით გამოყოფილი იქნა 10 მილიონი ევროს იაფი სესხი. აღნიშნული ფინანსური რესურსი თავის მხრივ ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის ექსპლოატაციისათვის საჭირო მოძრავი ტექნიკური საშუალებების (კომპაქტორი; ექსკავატორი, ბულდოზერი; ღია ძარიანი სამასვალები და სხვა) შეძენის; ბათუმის მოქმედი და ქობულეთის (2) უმოქმედო ნაგავსაყრელების დახურვის; შუალედური გადამტვირთი სადგურის და რეგიონალური ნარჩენების მართვის სისტემის დაგეგმვისა და სხვა საჭირო ღონისძიებების შემუშავებას. აღნიშული ღონისძიებები არ შედის მიმდინარე პროექტის ,,მყარი ნარჩენების მართვა აჭარაში“ ფარგლებში მიმდინარე ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებელი კომპანიის კომპეტენციაში.
ჯაბა სურმანიძის ინფორმაციით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, 2020 წლის 21 აპრილს, საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის თაობაზე გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი. გამარჯვებული კომპანია მოამზადებს ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებულების ანგარიშს, რის მიხედვით განხორციელდება დაგეგმილი ღონისძიებები.

ნარჩენების მართვის პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი პირობების შექმნას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები