დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის მიზანი კრიმინალთა გადარჩენაა

„ოპოზიციამ კვლავ წამოსწია ე.წ. პოლიტპატიმრების თემა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც ეფუძნება ფაქტებს, ფაქტები კი ამბობს, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და მიიღეს ადეკვატური სასჯელი”, – ასე ეხმიანება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე ოპოზიციის მიერ წამოწეულ ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხს.
მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანი კრიმინალთა გადარჩენაა, რომელთა თანამზრახველები თვითონაც არიან.

„დღეს საქართველოს ციხეში ათასობით პატიმარია და მათ შორის არცერთი პოლიტპატიმარი! მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის საარჩევნო სისტემები მეორეხარისხოვანია (რადგან იციან, მიუხედავად საარჩევნო სისტემისა, არჩევნებში დამარცხდებიან). მათი მთავარი მიზანი კრიმინალთა გადარჩენაა, რომელთა თანამზრახველები თვითონაც არიან.

მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა სასამართლო სისტემამ – სისტემამ, რომლის კომპეტენცია და ეფექტიანობაც არაერთგზის იქნა აღიარებული. ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. მსოფლიოში არაერთგზის მომხდარა მოქმედი თუ ყოფილი, მაღალი თანამდებობის პირის დაკავება, მაგრამ მისი წარსული/მოქმედი პოლიტიკური საქმიანობა მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის მიზეზი არ გამხდარა.

ჩვენ ყველას გვინდა, რომ საქართველო განვითარებული სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი იყოს, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში კი კანონის უზენაესობა ამოსავალი წერტილია. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. მილიონების გამფლანგველს “თაღლითი” ეწოდება (ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში) და არა – “პოლიტპატიმარი!”, – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები