დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახმეტა“ დაემატა

საქართველოში რეგისტრირებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახმეტა“ დაემატა. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტი“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა.

“ახმეტის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი, მუქი ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, მწვანე კახურის ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები განსაზღვრავს ღვინო “ახმეტის”განსაკუთრებულ ღირსებას.

„ახმეტა“ (დამატებითი აღნიშვნა – „ახმეტის მწვანე“) თეთრი ან ქარვისფერი ღვინოა. მიკროზონა ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს და, ქალაქ ახმეტის გარდა, მოიცავს სოფლებს: საკობიანო, მატანი, ქისტაური, არაშენდა, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე, ოჟიო,ალავერდი, კოღოთი, ჩაბინაანი, ხორხელი, ზემო ხოდაშენი, აწყური, ახალდაბა, ჩარექაული, ზემო ალვანი, ხორბალო, ქვემო ალვანი, ბაბანეული, მაღრაანი, ფიჩხოვანი და არგოხი.

„ახმეტა“ თეთრი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახმეტის მიკროზონაში მოწეული “კახური მწვანის” ჯიშის ყურძნიდან, ხოლო “ახმეტა“ ქარვისფერის დამზადებისას დასაშვებია, კახურ მწვანეს დაემატოს ამავე მიკროზონაში მოწეული ქისისა და ხიხვის ჯიშის ყურძენი, ჯამურად, 15%-მდე.

ამ დრომდე, საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 21 დასახელება”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები