ზვიად შალამბერიძე: ღვანკითში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება უახლოეს დღეებში იგეგმება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება უახლოეს დღეებში იგეგმება.

როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, ვადები დამოკიდებულია პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც სოფელში შეზღუდვები დაწესდა.

“ჩვენ ღვანკითთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგების რჩევით მკაცრი პროტოკოლი გავატარეთ იქედან გამომდინარე, რომ ბევრი შემთხვევა იყო დაფიქსირებული ღვანკითში, რის შედეგადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაკეტილიყო მთლიანად სოფელი და მოქცეულიყო საკარანტინო ზონაში. ყველა ის ღონისძიება, რაც შემდეგ ადგილზე გატარდა, იყო სწორედ პრევენციის, რომ სოფელში აღარ ყოფილიყო შემდგომი გავრცელება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გატარებული ზომებიდან გამომდინარე, შედეგი მივიღეთ და უახლოეს დღეებში იგეგმება ღვანკითის გახსნა და მიღებული ზომების შემსუბუქება”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სოფელ ღვანკითის მოსახლეობას პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარა.

“სოფელში იყო პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც უჭირდათ მოქალაქეებს, რისთვისაც გამოვძებნეთ სხვადასხვა გზები მათთვის, ადგილზე ჩააკითხეს და შეიძინეს დაინტერესებულმა პირებმა პროდუქცია და მისი რეალიზაცია მოხდა უკვე სხვადასხვა ქალაქებში. ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო რეაგირებდა ძალიან ოპერატიულად ყველა საკითხზე, რაც შეიძლება დამდგარიყო ღვანკითის მოსახლეობის წინაშე”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევის შემდეგ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაიკეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები