სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც მთავრობის დახმარებით ვერ სარგებლობენ, ქობულეთის მერი კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს

8 ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში ციხისძირში, ყოფილი სკოლის შენობაში თვითნებურად შესახლდა, კომუნალურ გადასახადებზე მთავრობის მიერ შეთავაზებული დახმარებით ვერ სარგებლობს. მათი საცხოვრებელი ფართი დაურეგისტრირებელია, შესაბამისად, ყოველთვიური გადასახადის გადახდა თავადვე უწევთ.

ისინი სოციალურად დაუცველები არიან და მხოლოდ სოციალური შემწეობისთვის განკუთვნილი თანხა ერიცხებათ, რაც, მათი თქმით, არსებობისთვის საკმარისი არ არის. იმის გამო, რომ საცხოვრებელი დაურეგისტრირებელი აქვთ, ოჯახები წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ელექტროენერგიით სარგებლობას. თუმცა გასულ წელს, მირიან ქათამაძის შუამდგომლობითა და დახმარებით ,მოხდა ერთი, საერთო მრიცხველის დაყენება, რითაც აღნიშნული ოჯახები სარგებლობენ.

“სოციალურად დაუცველები ვართ, აქ დიდი ხანია, ვცხოვრობთ, ზოგიერთი მათგანი მრავალშვილიანი ოჯახია, მხოლოდ სოციალური შემწეობითა და სეზონური სამსახურით ვარსებობთ. სხვა საცხოვრებელი არ გაგვაჩნია. კომუნალური გადასახადი დიდი რაოდენობით მოგვდის, რადგან ხშირ შემთხვევაში ელექტროენერგიით ვთბებით. არ გვაქვს დარეგისტრირებულნი, ამიტომ შეღავათებით ვერ ვსარგებლობთ. ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ თავისი ხელფასიდან გამოგვიყო თანხა და აქ მცხოვრებ რვავე ოჯახს გადაგვიხადა კომუნალური გადასახადი, ეს ძალიან დიდი დახმარებაა ჩვენთვის“, – აღნიშნა ციხისძირში მცხოვრებლებმა.

აღნიშნულ თემაზე ქობულეთის მერმა – მირიან ქათამაძემ “რეგიონულ კვირასთან“ საუბარი არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ ოჯახებს არსებული შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები