“ლატვია ევროკავშირში საქართველოს ინტერესების დამცველი და მტკიცე მხარდამჭერია”
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ეგილს ლევიტს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და ლატვიაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და კორონავირუსთან დაკავშირებით გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. პრეზიდენტებმა საქართველოსა და ლატვიაში ვირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცეს.
ლატვიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების სწრაფი და ეფექტური რეაგირება. სალომე ზურაბიშვილმა და ეგილს ლევიტსმა შემდგომი ეტაპისთვის ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა “მნიშვნელოვანი” უწოდა ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის გადაწყვეტილებას ერთმანეთთან საზღვრების გახსნასა და უსაფრთხო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.
როგორც ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, სწორედ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისას სწორი, დროული და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა, იგი უსაფრთხო ქვეყანაა, რის გამოც უსაფრთხო ტურიზმის იდეის ნაწილად უნდა ჩაითვალოს.
პრეზიდენტებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის თქმით, კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია.
ლატვიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ლატვიის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატისა და ამ ჭრილში, თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართ. მისი განცხადებით, ლატვია ევროკავშირში საქართველოს ინტერესების დამცველი და მტკიცე მხარდამჭერია.
პრეზიდენტებმა, ასევე, ისაუბრეს ბორდერიზაციის პროცესსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები გლობალური კრიზისისა და საერთაშორისო სოლიდარობის დროს კიდევ უფრო მიუღებელი და დასაგმობია.