ნათია თურნავა: საშემოსავლო გადასახადში შეღავათმა შესაძლებლობა მისცა ათასობით კომპანიას, მათ შორის, ტურისტულ სექტორში მოქმედ კომპანიებს, შეენარჩუნებინათ დასაქმებულები
“საშემოსავლო გადასახადში შეღავათმა შესაძლებლობა მისცა ათასობით კომპანიას, მათ შორის” ტურისტულ სექტორში მოქმედ კომპანიებს, შეენარჩუნებინათ დასაქმებულები”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტურიზმის სექტორში ოფიციალურად დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანების დასახმარებლად.
მინისტრის თქმით, დაქირავებით დასაქმებულ პირებს, რომლებმაც, მიუხედავად მთავრობის ყველა მცდელობისა და დახმარებისა, დაკარგეს სამუშაო ადგილი, მიეცათ 1 200-ლარიანი პაკეტი ექვსი თვის განმავლობაში, თვეში ორასი ლარის ოდენობით.
„ეს არის ნაბიჯები, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთული პერიოდის გადატანაში. ასევე, მნიშვნელოვანია თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად სამასი ლარის დახმარება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან ამ სექტორში ოფიციალურად დასაქმებულებთან ერთად თვითდასაქმებული ადამიანების დიდი წილია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საშემოსავლო გადასახადში შეღავათი, რომელიც ვრცელდება თითოეულ შენარჩუნებულ დასაქმებულზე, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ხოლო 750-ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანები სრულად გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან.
„ამ შეღავათმა შესაძლებლობა მისცა ათასობით კომპანიას, მათ შორის, ტურისტულ სექტორში მოქმედ კომპანიებს, შეენარჩუნებინათ დასაქმებულები, რაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული დასაქმებული ადამიანი ტურისტულ სექტორში, სასტუმროებში, ტურისტულ კომპანიებში – ეს არის დიდი ტრეინინგების, იმ საკმაოდ დიდი რესურსის შედეგი, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრია ხარჯავდა ამ ადამიანების მომზადებაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.