სოფელ მუშევანში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ორივე მათგანი შესაბამის დაწესებულებაშია გადაყვანილი, -ამის შესახებ ბოლნისის ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ორივე ინფიცირებული პირის კონტაქტები ცნობილია.
“ორი ინფიცირებულის გადაყვანა მოხდა სოფელ მუშევანიდან შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში, ერთ-ერთ ინფიცირებულს ჰქონდა საყოფაცხოვრებო პრობლემა, გარკვეული ოჯახური მეურნეობა აქვს და ვისთვის დაეტოვებინა, გაურკვევლობაში იყო. ჩვენ, ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად, დავეხმარეთ ამ პრობლემის მოგვარებაში, ოჯახში მოვუძებნეთ ადამიანი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს მის მეურნეობას. ასევე, შევხვდით რამდენიმე ადამიანს, რათა ნიმუშების აღების პროცედურა ინტენსიურად გაგრძელდეს და ჩვენს საექიმო ჯგუფებს მიეცეთ შეუფერხებელი მუშაობის საშუალება, რათა სრული სურათი გვქონდეს ამ სოფელში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის შესახებ. პრაქტიკულად, წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ინტენსიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და სოფელში არის ადეკვატური განწყობები. ჩვენ მიერ ურთიერთობაში მყოფი ყველა ადამიანი თანახმაა, ჩააბაროს ანალიზი და დაგვეხმაროს, რათა თავისი ახლობლები, მეზობლები, მეგობრები ჩართულები იყვნენ ამ პროცესში“, – განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა.