გიორგი გახარია: ყველა შეღავათი ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს სახელმწიფო იბრძვის ორ ფრონტზე და დროთა განმავლობაში ეკონომიკის აღდგენისა და აღორძინების საკითხი გადმოდის პირველ რიგებში და ამ საკითხის მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს.

„დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და კარგად გვესმის, რომ დროთა განმავლობაში ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო, მეორე ფრონტის – ეკონომიკის აღდგენისა და აღორძინების საკითხი გადმოდის პირველ რიგებში და ეს საკითხი ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური, პრობლემური და მისი მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ასევე, კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის წესებში ცვლილების შესახებ, თუ არ შესრულდა, ჩვენ ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ამ გეგმის ნაწილი შეგვიძლია ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, ვიყოთ ეკონომიკის გახსნასა და აღორძინებაში ეფექტურები და გავუძლოთ იმ გლობალურ კონკურენციას, რომელიც ჩვენ თვალწინ დაიწყო, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ისე ევროპაში და გლობალურად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში კორონავირუსის სტატისტიკაზეც ისაუბრა.

„ვუბრუნდებით მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს, რაც მნიშვნელოვანია და რის საშუალებასაც ჩვენს გვაძლევს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ის, როგორ მართავს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ჯანდაცვის სამინისტრო. მიუხედავად ამისა, თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ გამოწვევის მართვა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყოველ მთავრობის სხდომაზე ჩვენ მოგვიწევს დაწყება ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებებით და შემდგომ უკვე გადავალთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ეკონომიკა და ეკონომიკის აღორძინება.

დღეის მდგომარეობით საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა არის 593. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვემატა 4 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 223 და, სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილი 9 მოქალაქე. ჩვენს მიერ მიღებულ ყველა ნაბიჯში ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი გახლავთ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და იმ მონაცემების სწორი ანალიზი, რომელსაც ყოველდღიურად გვაწვდიან პროფესიონალები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები