“იყო დონორი ნიშნავს, გაუზიარო სიცოცხლე სხვას“- ონში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირველი დღეებიდანვე შეუერთდა. აქციის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს, რომელშიც უამრავი მოხალისე და აქტივისტი მონაწილეობს.
აღნიშნული აქცია ონის მუნიციაპლიტეშიც ჩატარდა, რომელშიც პარტია “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაცია, აქტივისტები და მოხალისეები, ონის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ.
“იყო დონორი, ნიშნავს სიცოცხლე გაუზიარო სხვას“,- განაცხადა „რეგიონალურ კვირასთან“ ონის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, შუქურა ჯაფარიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ასეთი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია და დონორობა საამაყოა.
“დღეს მნიშვნელოვანი აქცია გვაქვს ონის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მხარი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ მოწოდებისთანავე დაუჭირა და აქციებში ჩაერთო. ადგილზე ონის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ვიმყოფებით. ჩვენ მოგვეცა შანსი დონორები გავხდეთ“, -განაცხადა შუქურა ჯაფარიძემ.
აქციის მიმდინარეობას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე აკვირდებოდნენ.
როგორც არჩილ ჯაფარიძემ „რეგიონულ კვირას” განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყებას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ონის ორგანიზაცია, მერიისა და საკრებულოს თავმჯდომარეები დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ და 40-ზე მეტმა დონორმა სხვების დასახმარებლად სისხლი უკვე გაიღო.
“ეს აქცია არის ძალიან კარგი და მისაბაძი. ეჭვი არ მეპარება , რომ ონში ჩატარებული სისხლის უანგარო დონაციის აქცია მთელი რეგიონისთვის მისაბაძი იქნება. მჯერა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამოჩნდებიან მსურველები და ონელებს მიბაძავენ”,-განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, აქცია “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებით ტარდება და მის მიზანს სისხლის საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება წარმოადგენს.