ნათია თურნავა: ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანიამ, TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა

„ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა, ეს არის საქართველოში იაპონიის მხრიდან განხორციელებული უმსხვილესი პირდაპირი ინვესტიცია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ასწლოვანი ისტორიის მქონე უმსხვილესი იაპონური ენერგეტიკული კორპორაციის, TEPCO-ს შვილობილი კომპანია TEPCO Renewable Power „დარიალი ჰესის” მეწილე გახდა. იაპონური კორპორაციის ოფიციალური რელიზის თანახმად, TEPCO-მ საქართველოში ინვესტირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი და სანდო დარგობრივი პოლიტიკის სიმტკიცეში დარწმუნდა. საქართველო, ვიეტნამის შემდეგ, მეორე ლოკაციაა, სადაც TEPCO  ენერგეტიკის სექტორში ინვესტორის სტატუსით შემოვიდა.

„საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” გუნდმა ძლიერი მზაობა გამოხატეს ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორში კერძო ინვესტიციების განხორციელების გაძლიერებისა და განვითარების კუთხით. ასევე, მოხიბლულნი დავრჩით საქართველოში ჩვენი კერძო პარტნიორების, სელერებისა და ყველა იმ მხარის მუშაობით, ვინც ყველანაირად მხარში გვედგა, რათა ეს ტრანზაქცია შემდგარიყო, მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული შექმნილი ვითარებისა”, – აღნიშნავენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ TEPCO-ს მფლობელობაში არსებული ენერგოსადგურების ჯამური წლიური გამომუშავება შეადგენს 220 მილიარდ კვტ.სთ-ს, რაც 17-ჯერ აღემატება საქართველოში წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. კორპორაციას ფილიალები აქვს ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. მისი საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკულ კვლევებსა და ინოვაციებთან, მათ შორის, მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება-განვითარებასთან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები