ნათია თურნავა: ვფიქრობთ, რომ, სხვებთან შედარებით, ადრე დავძლევთ ეპიდემიას, გავიხსნებით ბიზნესებისთვის და ბევრ სხვა ქვეყანას დავასწრებთ ამ კონკურენტულ ბრძოლაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველო „დუინგ ბიზნესის“ რეიტინგში ერთ-ერთი ტოპქვეყანაა. ამის შესახებ მან ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მიმზიდველია. მან, ასევე, აღნიშნა, რომ, სხვებთან შედარებით, ადრე დავძლევთ ეპიდემიას და გავიხსნებით ბიზნესებისთვის.

„დღესდღეობით ცალსახაა, რომ ის უპირატესობა, რაც ჩვენ აქამდეც გვქონდა, ისევ ჩვენთან არის, არსად წასულა. საქართველო ერთ-ერთი ტოპქვეყანაა გლობალურად „დუინგ ბიზნესში“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ბიზნესის კეთება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მიმზიდველია. ის ფაქტი, რომ ჩვენ მსოფლიოში, პრაქტიკულად, ნომერ მესამე ქვეყანა ვართ გადასახადების სიმარტივისა და დაბალი დონის მიხედვით; ის ფაქტი, რომ ჩვენთან საკმაოდ ხელმისწვდომია სამუშაო ძალა; ის ფაქტი, რომ მუშახელის გადამზადებისთვის გვაქვს მთელი რიგი პროგრამები, რათა უფრო კონკურნეტული გავხადოთ; ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც, მიუხედავად ეპიდემისაა, არ შეჩერდება, გაგრძელდება – ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი სასტარტო პირობა. ამას ემატება ახალი უპირატესობა, რადგან ვფიქრობთ, რომ, სხვებთან შედარებით, ადრე დავძლევთ ეპიდემიას, გავიხსნებით ბიზნესებისთვის და ბევრ სხვა ქვეყანას დავასწრებთ ამ კონკურენტულ ბრძოლაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გლობალური კომპანიებისთვის, რომლებიც თავისი ბიზნესების დივერსიფიკაციას, გადატანას დაიწყებენ, პირველი არჩევანი საქართველო იქნება.

„ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ იმ გლობალური კომპანიებისთვის, რომლებიც თავისი ბიზნესების დივერსიფიკაციას, გადატანას დაიწყებენ, საქართველო პირველი არჩევანი გახდება. ეს არ არის მხოლოდ სურვილი, ეს არის დეტალური გეგმა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენ კომპანიას უნდა დავეკონტაქტოთ და რამდენ კომპანიას აქვს უკვე სურვილი, თავისი ბიზნესი გადაიტანოს, რამდენ კომპანიას შეიძლება, დავუსაბუთოთ, რომ საქართველო არის მოკლე ლოგისტიკური გზა ევროპასა და აზიას შორის, სადაც ისინი ყიდულობენ ნედლეულს. ჩვენთან ბიზნესის გადმოტანით ისინი ბევრ უპირატესობას შეიძენენ, ასეთ დეტალური გეგმა გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები