პრემიერის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულმა ბანკმა და ანალიტიკურმა-კვლევითმა ორგანიზაციებმა ეპიდემიის ეკონომიკური შედეგები და პოსტკრიზისული გეგმის საკითხები განიხილეს

პრემიერმინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულმა ბანკმა და ანალიტიკურმა-კვლევითმა ორგანიზაციებმა, საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატში, ეპიდემიის ეკონომიკური შედეგები და მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ძირითადი საკითხები განიხილეს. ვიდეოკონფერენციას უძღვებოდა პრემიერმინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე – ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა.

აღნიშნული პლატფორმა პრემიერმინისტრის დავალებით შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, როგორც ანტიკრიზისული გეგმის, ისე პოსტკრიზისული პროგრამის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და პოზიტიურ ტენდენციებზე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.

განსახილველ თემებს შორის იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: პოსტკრიზისულ გეგმაში დამატებითი ღონისძიებები ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად; სამშენებლო-დეველოპერული სექტორისა და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობა; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის პოლიტიკა და კერძო სექტორში კორპორაციული მმართველობის განვითარება, როგორც პოსტკრიზისული ინსტრუმენტი.

შეხვედრის მონაწილე ანალიტიკური-კვლევითი ორგანიზაციების მხრიდან, პოზიტიურად შეფასდა ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ახორციელებს და გამოითქვა მოსაზრებები პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე, რასთან დაკავშირებითაც ისინი საკუთარ რეკომენდაციებს მთავრობას უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

აგრეთვე, შეხვედრის მიმდინარეობისას, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეროვნული ბანკის მისამართით წამოჭრილი მთავარი საკითხი ლარის ლიკვიდობის მიწოდებას შეეხებოდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეიქმნება რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც, შესაძლოა შემცირდეს ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს ბაზარზეა.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან და ანალიტიკურ-კვლევით ორგანიზაციებთან შეხვედრებს პერმანენტულად გამართავს. შეხვედრებში ჩართულია USAID-ის „ეკონომიკური მმართველობის პროგრამა”, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და კვლევითი ორგანიზაციების საკონსულტაციო პლატფორმას ქვეყნის ეკონომიკაზე ეპიდემიის გავლენის საკითხებთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები