ნათია თურნავა: ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა
“ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა”, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოს ტურისტული ბიზნესი და ინდუსტრია ახალი, ე.წ. პოსტპანდემიური პერიოდის მოთხოვნების მიმართ მომზადებული იყოს.
„ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული შრომა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას თქმით, ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ის ინდუსტრია, რომელსაც დღეს სჭირდება შველა და გვერდით განსხვავებულად დგომა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღემდე ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში სიკეთის დიდი შემომტანი და დიდი დამსაქმებელი იყო. სამომავლოდ კი აღნიშნული სექტორის მიმართ ახალი მოთხოვნები იარსებებს.
„თუ სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქედან, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად ვერ დაძლევს პანდემიას და ჯერ კიდევ შენარჩუნდება შეზღუდვები, განსხვავებული სირთულე არსებობს და განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ, პრემიერმინისტრის დავალებით, ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიკურ ანტიკრიზისულ გეგმას, განსხვავებულ გეგმას. ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია მთლიანად ტურიზმის ინდუსტრიასთან. ეს არ არის მხოლოდ სასტუმროები, ეს არის ძალიან დიდი სექტორი გიდების, რომლებსაც ძალიან გაუჭირდათ დღეს, რადგან პრაქტიკულად შემოსავლის წყარო აღარ აქვთ; ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი ტუროპერატორების, სატრანსპორტო კომპანიების, რომლებიც აქამდე ტურისტების სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილზე ტარებით იყვნენ დაკავებული. ამიტომ მათ სჭირდებათ განსხვავებული გეგმა და მაშინ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო უკვე წლის დასასრულს გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი, რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც აქამდე იყო. ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე ინფორმაციით, გეგმა უკვე მუშავდება და მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ ტურისტული ინდუსტრიისთვის ცნობილი გახდება.