თენგიზ ცერცვაძე: პლაზმების შეგროვება უკვე დავიწყეთ, ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი

“პლაზმით მკურნალობა სპეციფიკური საკითხია და ძალიან მაღალი ტექნოლოგიები და კომპეტენცია სჭირდება”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში პლაზმების შეგროვება უკვე დაწყებულია.

“პლაზმით მკურნალობა სპეციფიკური საკითხია. ეს არ არის მედიკამენტი, არამედ ეს არის ძალიან ეფექტიანი მეთოდი, რომელიც საუკუნის წინაც გამოიყენებოდა, მაგალითად, იგივე, „ესპანური გრიპის“ დროს, ებოლას ვირუსის, ფრინველის გრიპის, H1N1-ის დროს, მაგრამ არის ერთი სპეციფიკა. ამას სჭირდება ძალიან მაღალი ტექნოლოგიები და ძალიან მაღალი კომპეტენცია. ეს ეტაპი საქართველომ გაიარა.

ამერიკაში არის ერთ-ერთი ექიმი, დავით მელაშვილი, რომელსაც უჭირავს ძალიან კონსტრუქციული პოზიცია. ის კაროლინის შტატში მოღვაწეობს და, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, ძალიან დიდი ავტორიტეტია იმდენად, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაც ითვალისწინებს მის რეკომენდაციებს. სწორედ დავით მელაშვილის სერიოზული აკადემიური დახმარებით, ჩვენ თითქმის მივედით იქამდე, რომ ამ მეთოდს მივმართოთ მკურნალობისას, ანუ პლაზმების შეგროვება უკვე დავიწყეთ. ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი, ეს უნდა იყოს მძიმე პაციენტი, რომელსაც სხვა მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი, რომ გადავუსხათ ეს პლაზმა. ასევე, უნდა დაემთხვეს ჯგუფი, რეზუსი და მთელი რიგი ლაბორატორიული პარამეტრები, პლაზმას ისე ვერ გამოიყენებ.

მარტივად გეტყვით, საქართველოში არის 160 გამოჯანმრთელებული. ამ 160 ადამიანიდან ყველას სისხლი არ გამოდგება დონორად პლაზმის დასამზადებლად. უნდა გაისინჯოს და ვსინჯავთ ყველა ამ დონორის სისხლს. ვისაც გამოუმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი და ვისაც სისხლში აქვს დამცავი ანტისხეულების დიდი კონცენტრაცია, მხოლოდ მათი პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, ასეთი არის, დაახლოებით, 20-დან ერთი, ანუ ახლა 160 გამოჯანმრთელებული გვყავს და პოტენციურად მხოლოდ რვა დონორი შეიძლება, გვყავდეს. ამიტომ ამ მეთოდს ჩვენ გამოვიყენებთ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სხვა მედიკამენტები არ მუშაობს და იმედი გვაქვს, რომ გადავარჩენთ რამდენიმე პაციენტს, მაგრამ ეს ვერ გახდება მასიური გამოყენების ობიექტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები