ფრაქცია “ხალხის მსახური”: უმაღლეს რადაში სააკაშვილის დანიშვნის საკითხის განხილვა არ მოხდება
უმაღლესი რადას დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკადრო საკითხების განხილვა არ იქნება, მათ შორის, არც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის საკითხი, – ამის შესახებ მმართველი ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის მოადგილემ, ევგენია კრავჩუკმა განაცხადა.
“დღეს არანირი საკადრო საკითხების განხილვას არ ვაპირებთ, მათ შორის, არც სააკაშვილის კანდიდატურას. მასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, საჭირო ხმები არ გვაქვს”, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, სააკაშვილმა დამატებითი კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც გამართა, მაგრამ “ეს პოლიტიკაა, დემოკრატია, ეს უმაღლესი რადას გადაწყვეტილებაა”.
ევგენია კრავჩუკის ვარაუდით, პარლამენტი აღნიშნულ საკადრო დანიშვნის საკითხს არც დაუბრუნდება.