DRI: ახალგორში მძიმე პაციენტებს გეგმურ ჰოსპიტალიზაციაზე უარს ეუბნებიან

ახალგორის მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლება დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ისევ იზღუდება. ახალგორელებს აკრძალული აქვთ არა მარტო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, არამედ – ახალგორის ადგილობრივ საავადმყოფოში გეგმური მომსახურებაც. ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) ავრცელებს.
„პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ახალგორის მოსახლეობისადმი დისკრიმინაციულ მიდგომას დე ფაქტო ხელისუფლება კოვიდ 19-ის გავრცელებით ხსნიდა, თუმცა ახლა ცხინვალის რეგიონში ვითარება შეიცვალა. იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსით დაინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საკარანტინე ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. საინფორმაციო სააგენტო „რეს -ის“ ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობა განაახლეს სავაჭრო ობიექტებმა, სილამაზის ცენტრებმა და სამკერვალო სალონებმა. ასევე, დე ფაქტო მეთაურის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ოსეთს ცხინვალისგან გადაეცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის სამი აპარატი.
ცხინვალში შერბილებული პოლიტიკის ფონზე, მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა ახალგორში, სადაც გამძაფრებულია დისკრიმინაციის ფაქტები. ადგილობრივი საავადმოფოს ადმინისტრაცია სპეციალური საჭიროების მქონე პირებსა და მძიმე დიაგნოზის პაციენტებს გეგმიურ ჰოსპიტალიზაციაზე უარს უცხადებს. ამას ემატება ისიც, რომ მძიმე პაციენტებს არც თბილისში გადმოსვლის შესაძლებლობას აძლევენ.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მათთვის ყველაზე მძიმე პრობლემას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უქონლობა წარმოადგენს. შედარებით გამარტივებული გადაადგილების პირობებში, როდესაც გორში ან თბილისში ჩამოსვლა შეეძლოთ, პრობლემა ასე მწვავედ არ იდგა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა ახალგორში მცხოვრებმა მძიმე პაციენტებმა გეგმური სამედიცინო დახმარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღონ“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები