ვეფხვია გულედანი: მთავრობის მიერ არჩეული სტრატეგია სრულად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს
„მთავრობის მიერ არჩეული სტრატეგია, რთული მდგომარეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების ფონზე, სრულად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს”, – ამის შესახებ ა/ო „საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ვეფხვია გულედანი აცხადებს.
მისი თქმით, საბედნიეროდ, მიმდინარე პროცესებს მოსახლეობის დიდი უმეტესობა გაგებით ეკიდება და სახელმწიფოს სწორ და დროულ რეაგირებას დადებითად აფასებს.
„გვსურს, მოკლედ შევაფასოთ განვლილი რთული თვე. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო საკმაოდ დამაჯერებლად მართავს პროცესს. რასაკვირველია, აღნიშნულ მდგომარეობას სირთულეებიც ახლავს და საზოგადოება სრულად ვერ იქნება კმაყოფილი. საბედნიეროდ, მიმდინარე პროცესებს მოსახლეობის დიდი უმეტესობა გაგებით ეკიდება და სახელმწიფოს სწორ და დროულ რეაგირებას დადებითად აფასებს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ოპოზიციის უადგილო პროტესტი და კვლავ უტიფრობა, სიტუაციით სარგებლობის მცდელობა და რთული მდგომარეობის საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენების არაერთი მცდელობა. აღნიშნული შეიძლება, შეფასდეს პოლიტიკურ სულმდაბლობად.
ასევე, საგულისხმოა კრიზისის დაძლევის სტრატეგია, ხედვა, რომელიც რთული პანდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე მოითხოვს წინდახედულებას, გარისკვასა და ქვეყნის კრიზისული მდგომარეობით ბეწვის ხიდზე გავლას. მთავრობის მიერ არჩეული სტრატეგია, რთული მდგომარეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების ფონზე, სრულად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. რასაკვირველია, დასაფასებელია კრიზისის ფონზე დასავლელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა.
სავსებით გასაგებია, მოსახლეობა გარკვეული სახის დისკომფორტს გრძნობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემია ვერ იქნება კომფორტული და მოითხოვს მსხვერპლს სამოქალაქო კომფორტის სახით, თუმცა ჯობს, დროებით უარი ვთქვათ კომფორტზე, ვიდრე სიკვდილთან გარიგება მოგვიწიოს…”, – აღნიშნავს გულედანი.
„საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე მადლობას უხდის მედპერსონალს, ქართულ ჯარსა და პოლიციას, თითოეულ მოხალისეს.
„კვლავ მადლიერებისა და პატივისცემის ღირსია მედპერსონალი და ყველა ის ადმიანი, ვინც 24/7-ზე მუშაობს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, თავდაცვის სამინისტრო ჯარის სახით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის სახით და სხვა ყველა უწყება თუ ფიზიკური პირებისგან შემდგარი მოხალისე ჯგუფები…
სამწუხაროდ, კვლავ ვუერთდებით მოწოდებას – „დარჩი სახლში”! პანდემია მალე დაიძლევა, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!”, – აცხადებს გულედანი.