ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა, დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე
„ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა. ეს აღიქმება როგორც არამეგობრული ნაბიჯი და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა მკაფიო პოზიცია გამოხატა და უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია ჰქონდა.
„კარგია, რომ პირველი ინფორმაცია, რომელიც წამოვიდა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, არის დადებითი, კერძოდ, ვგულისხმობთ იმ განცხადებებს, რომლებიც გააკეთეს, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აცხადებს, რომ ის, სავარაუდოდ, არ დაუჭერს მხარს სააკაშვილის დანიშვნას, ასევე, იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცეპრემიერად ის უკვე აღარ განიხილება. თუმცა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა. ეს აღიქმება როგორც არამეგობრული ნაბიჯი და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.