კორონავირუსისგან ბათუმში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბათუმში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ისინი “მედალფას” კლინიკას დღეს დატოვებენ.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გასულ 24 საათში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მისივე განმარტებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით სიტუაცია კონტროლირებადია.
ნინო ნიჟარაძის თქმით, რისკის ზონაში მოსახლეობის 80 პროცენტი უკვე დიაგნოსტირებულია. მიმდინარეობს დანარჩენების გამოკვლევაც. ქობულეთის სოფელ მუხაესტატესა და ლეღვაში მცხოვრებლებს კორონავირუსზე ჩაუტარდებათ განმეორებითი კვლევა. თუ ახალი შემთხვევები არ დადასტურდება, მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნება.
ამ დროისთვის ცხელების კლინიკაში 30 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება ერთი პაციენტი, თუმცა როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიურად უკეთესია, ვიდრე გასულ პერიოდში.