ლევან გოფოძე: შესაძლებელია, კორონავირუსით დაინფიცირებულთა მკურნალობისას გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმა გამოვიყენოთ
“ეროვნულ პროტოკოლში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შევა, რადგან საკმაოდ გამართული პროტოკოლია, უბრალოდ, ითქვა, რომ შესაძლებელია, რამდენიმე სიახლე შევიდეს, როგორიც არის, ვთქვათ, კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობა გამოჯანმრთელებულთა პლაზმის გამოყენებით და ა.შ.”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
„დღევანდელი შეხვედრა, უპირველეს ყოვლისა, მიეძღვნა ეროვნულ პროტოკოლს, რომლითაც დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მუშაობს და აღინიშნა, რომ ამ ეროვნულ პროტოკოლში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შევა, რადგან საკმაოდ გამართული პროტოკოლია, ძალიან კარგად იმუშავა ამდენი დღისა და უკვე თვეების განმავლობაში. საუბარი იყო „პლაქვენილზე“, იყო საუბარი იმაზეც, რომ ეს პროტოკოლი ამჟამად არ შეიცვლება. უბრალოდ, ითქვა, რომ შესაძლებელია, რამდენიმე სიახლე შევიდეს, როგორიც არის, ვთქვათ, ინფიცირებულების პლაზმის გამოყენება და ა.შ. რაც, რა თქმა უნდა, მოითხოვს განსაკუთრებულად მომზადებას, ვინაიდან ეს ცალსახად გადასაწყვეტი საქმე არ არის, მაგრამ საკმაოდ სერიოზული მუშაობის შემდეგ შესაძლებელია, ამის გამოყენებაც დავიწყოთ. ასევე, გამახვილდა ყურადღება მკურნალობის სხვადასხვა მეთოდზე, რომელიც, როგორც არაერთხელ გვითქვამს, ცდის მეთოდით გამოიყენება, ვინაიდან ერთი კონკრეტული მედიკამენტი არ გვაქვს, რომელსაც კოვიდინფექციის სამკურნალოდ გამოვიყენებთ“, – განაცხადა გოფოძემ.