თენგიზ ცერცვაძე: “პლაქველინის” თვალსაზრისით, გაიდლაინში ცვლილება არ მომხდარა
“კორონავირუსისგან სულ ექვსი გარდაცვლილი პაციენტია, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შესაბამისად, ეს, ძალიან დიდი ალბათობით, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა და პაციენტების მოვლა სწორია”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაიდლაინში პრეპარატ “პლაქველინის” გამოყენების თვალსაზრისით ცვლილება არ მომხდარა.
„ზოგადად, საქართველოს აქვს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან კარგი მდგომარეობა. სულ 516 პაციენტი არის. კიდევ უფრო კარგი მდგომარეობაა გარდაცვლილი პაციენტების რიცხვის მაჩვენებლით, სულ ექვსი გარდაცვლილი პაციენტია, რაც საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შესაბამისად, ეს, ძალიან დიდი ალბათობით, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა ლ და პაციენტების მოვლა სწორია. ჩვენთან კორონავირუსის მკურნალობა ხორციელდება 10 კლინიკაში ერთიანი მიდგომით. ერთიანი პრინციპებით ხდება როგორც დიაგნოსტირება, ასევე – მკურნალობის შერჩევა. ამავე დროს, თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდური მიდგომით იმიტომ, რომ კოვიდი მრავალსახოვანი დაავადებაა, ახალია, ბევრი ისეთი თვისება და გართულება აღმოაჩნდა, რაც არ იყო ექიმებისთვის ცნობილი და გვიხდება, გზადაგზა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და, ჯერჯერობით, დიდი წარმატებებით.
რაც შეხება გაიდლაინში ცვლილებას – „პლაქველინის“ თვალსაზრისით, ცვლილება არ მომხდარა იმიტომ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმებისა და ექსპერტების მხრიდან, რომ „პლაქველინი“ შესაძლოა, არ იყოს ისე ეფექტური, როგორც ეს თავიდან ეგონათ, ასეთი კვლევები ნამდვილად დაიდო. ამის მიუხედავად, ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ, რომელიც არის მსოფლიოში მთავარი ორგანო, რომელიც წყვეტს საკითხს, თუ რა მედიკამენტები უნდა იყოს გამოყენებული რომელი დაავადების დროს, არ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა 28 მარტს, სადაც რეკომენდაცია მისცა მხოლოდ „პლაქველინს“. შესაბამისად, სანამ ეს ორგანიზაცია არ გადახედვას ამ შეხედულებას, იმ შემთხვევეში, თუ მიიღო სერიოზული მტკიცებულებები, რომ სხვა რომელიმე მედიკამენტი უკეთესია, ამ პუნქტში საქართველოში ცვლილება არ იქნება და „პლაქველინი“ რჩება ძირითად სამკურნალო საშუალებად. მით უმეტეს, რომ კვლევის ნეგატიური შედეგების პარალელურად იდება ახალ-ახალი პოზიტივები „პლაქვენილის“ მიმართ. მაგალითად, შვეიცარიაში, ჟენევისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უნივერსიტეტებმა დაიწყეს ძალიან დიდბიუჯეტიანი კვლევა „პლაქვენილის“ გამოყენებაზე არათუ სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკისთვის. ეს მედიცინაში პრინციპულად ახალი სიტყვაა. კერძოდ, ექნებათ ორი ჯგუფი – საკონტროლო ჯგუფი და ჯგუფი, რომელიც „პლაქვენილს“ მიიღებს. „პლაქვენილს“ მისცემენ იმ პირებს, რომლებიც კონტაქტში იყვნენ ავადმყოფებთან. შემდეგ დააკვირდებიან, „პლაქვენილმა“ დაიცვა თუ არა პაციენტები დაინფიცირებისგან. თუ ამ კვლევამ დადებითი შედეგი მოიტანა, ეს იქნება უზარმაზარი გადადგმული ნაბიჯი ეპიდემიასთან ბრძოლაში და შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობოს ეპიდემიის მასშტაბების შემცირება. მკურნალობის სხვა მეთოდები, მათ შორის, ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა გამოჯანმრთელებული – პლაზმაფერეზი, ადამიანის პლაზმის გადასხმა ან სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევების მკურნალობა, რაც მნიშვნელოვანი გამოდგა კოვიდინფიცირებულებში. ასევე თანმხლები რიგი დაავადებების დროული მკურნალობა, ამ მხრივ დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ და უახლოეს პერიოდში იქნება შეტანილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.