ხათუნა სამნიძე: გელაშვილზე თავდასხმა მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებელობაა, მაგრამ დღეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინა, ამაში არავინ უნდა ერეოდეს
“მიმაჩნია, რომ უკრაინის შიდა საკადრო და პოლიტიკურ საკითხებში საქართველო არ უნდა ერეოდეს”, – ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ვალერი გელაშვილის უკრაინელი კოლეგებისადმი წერილს.
როგორც სამნიძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, გელაშვილზე თავდასხმა წინა ხელისუფლების პასუხისმგებელობაა, მაგრამ დღეს, იმაში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინა, არც საქართველოს ხელისუფლება უნდა ერეოდეს და არც – ოპოზიციური სპექტრი.
„მიმაჩნია, რომ უკრაინის შიდა საკადრო და პოლიტიკურ საკითხებში არ უნდა ერეოდეს საქართველო. განცხადებები, რომლებიც მოვისმინე „ქართული ოცნებიდან“, იყო უპასუხისმგებლო და ეს ჩვენს პარტნიორულ ურთერთობებს პირდაპირ ვნებს.
რაც შეეხება ვალერი გელაშვილზე თავდასხმას – ეს იყო ხელისუფლების მიერ განხორციელებული დანაშაული და ამ ფაქტს არავინ უარყოფს. ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებელობა, მაგრამ დღეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინა, ამაში არ უნდა ერეოდეს არც საქართველოს ხელისუფლება, არც ოპოზიციური სპექტრი, ეს არის უკრაინის გადასაწყვეტი საკითხი“, – განაცხადა სამნიძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს, „ვერხოვნა რადას“ დეპუტატებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.
„მე ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა! 2005 წელს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გახლდით, დეპუტატი, რომლისგანაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ახირებების ასასრულებლად ჩემი საცხოვრებელი სახლის დათმობას მოითხოვდა. პრაქტიკულად, მართმევდა სახლს, რაზეც წინააღმდეგობა გავუწიე და პრესაში გავაკრიტიკე, სანაცვლოდ მან სასიკვდილოდ გამწირა! მომიგზავნა ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად გადაქცეული უშიშროების დანაყოფის წევრები და ჩემზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, დღისით, მზისით, დედაქალაქის ცენტრში ძალადობრივი თავდასხმა მოაწყობინა, რომლის დროსაც უმძიმესი დაზიანებები მივიღე და სრულიად შემთხვევით გადავურჩი სიკვდილს.
უკანასკნელ წლებში ბევრი რამ შეიცვალა როგორც პირადად ჩემს, ისე – ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა, მერწმუნეთ, არსებობს ჭრილობები, რომლებიც არასდროს ხორცდება, ჭრილობები, რომელიც სააკაშვილმა პირადად მე და ჩვენს ქვეყანას მიაყენა. დაბეჯითებით გთხოვთ, ნუ მიაყენებთ უკრაინელ ხალხს და სახელმწიფოს იმავე ჭრილობებს, ნუ აკადრებთ საკუთარ სამშობლოს ამ შეშლილ კრიმინალს მთავრობის ვიცეპრემიერად“, – წერს ვალერი გელაშვილი.
რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცეპრემიერის თანამდებობა შესთავაზეს.