ალექსანდრე გოგინავა: გამოკვლეულია იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც შეიძლება, ინფიცირებული იყოს

“ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება, იყოს ისეთი, ვისი გამოკვლევაც კორონავირუსზე ამ პროტოკოლებით ვერ ხერხდება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმი, ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა აცხადებს.

მისი თქმით, გამოკვლეულია იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც შეიძლება, ინფიცირებული იყოს.

„ახლა, ამ ეტაპზე არსებული პროტოკოლებით ტესტირება უტარდება ყველა იმ ადამიანს, ვისაც კლინიკური სურათი აქვს გამოხატული, ანუ აქვს ცხელება, ან კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები. ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც კარანტინში იმყოფება და ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან ან საეჭვო შემთხვევასთან. გამოკვლეულია იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც შეიძლება, ინფიცირებული იყოს. ამიტომ, მე მივიჩნევ, რომ ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება, იყოს ისეთი, ვისი გამოკვლევაც ამ პროტოკოლებით ვერ ხერხდება და ეს მცირე რაოდენობით პაციენტი დიდად ვერ შეცვლის ეპიდემიოლოგიურ სურათს.

ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პაციენტების დინამიკას, თუ როგორ იზრდება. თუ სწრაფი ზრდა იქნება და იმ გამოსაკვლევ და გამოკვლეულ პაციენტებში ახალი შემთხვევების მყარი ზრდა გვექნება, ამ შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს კვლევების უფრო გაფართოება და ვთქვათ, უსიმპტომო პაციენტების გამოკვლევა.
შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ უსიმპტომო პაციენტებს თითქმის არსად იკვლევენ. ყველგან ხდება იმ მიზანჯგუფების, რისკჯგუფებისა და ადამიანების გამოკვლევა, ვისთანაც მაღალი რისკია, რომ დაავადება იყოს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „პირველი არხის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები