ხათუნა გოგალაძე: ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, რომ დიდ ქალაქებს სასიცოცხლოდ სჭირდება მწვანე ტერიტორიები, გაცილებით მეტი მწვანე სივრცე

გარემოს დაცვის საკითხების სპეციალისტის, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ხათუნა გოგალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ თბილისში ჰაერის კარგი ხარისხი შენარჩუნდეს, აუცილებელია, სატრანსპორტო პოლიტიკა შეიცვალოს, მწვანე ტერიტორიები და სკვერები განვითარდეს. ამის შესახებ გოგალაძემ მედიაჰოდლინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაწესებული შეზღუდვები, რა თქმა უნდა, ძირითადი მიზეზია იმისა, რომ თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ვიცით, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში ყველაზე დიდი წვლილის შემტანი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი იყო. ამ ყველაფერმა გვაჩვენა ის, რომ ტრანსპორტი ნამდვილად ერთ-ერთი სერიოზული დამაბინძურებელია. პირველ ყოვლისა, ალბათ, აუცილებელია, რომ სპეციალისტების, პროფესიონალების მონაწილეობით შედგეს და შეიცვალოს სატრანსპორტო პოლიტიკა.

ამ წუთას ასეთი რეცეპტი, თუ რა უნდა გაკეთდეს სატრანსპორტო პოლიტიკაში, ძალიან რთულია, რომ ითქვას, თუმცა ამ შეზღუდვების პერიოდმა ერთი რამ გვაჩვენა, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა – აღმოჩნდა, რომ ველოსიპედი საკმაოდ მოსახერხებელი ტრანსპორტია, თუნდაც უბნებში მაინც, შიგნით გადაადგილებისთვის. სამი და ოთხი გაჩერების მანძილზე შეიძლება, ადამიანი გადაადგილდეს ველოსიპედით და არა – მანქანით. ამ სიტუაციამ გვაჩვენა ისიც, რომ ფეხით გადაადგილებაც შესაძლებელია მოკლე მანძილებზე. აუცილებელია, ქალაქებში არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ელემენტარულად, ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის უნდა არსებობდეს ტროტუარები, ველოსიპედით გადაადგილების მსურველებისთვის კი – შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწორად განვითარება. ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს“, – განაცხადა გოგალაძემ „კვირასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ქალაქისთვის გაცილებით მეტი მწვანე სივრცეა საჭირო.

„გარდა ამისა, ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, რომ დიდ ქალაქებს სასიცოცხლოდ სჭირდება მწვანე ტერიტორიები, გაცილებით მეტი მწვანე სივრცე, ვიდრე არის. სამწუხაროდ, ტენდენცია ისეთია, რომ რაც პოტენცურად შეიძლება, მწვანე იყოს, ისიც შეიძლება, არ იყოს მწვანე, ანუ იქ რაღაცის მშენებლობა იგეგმება.

დღეს თუ რაღაც რადიკალური გადაწყვტილებები არ იქნა მიღებული ამ მიმართულებით, ხვალ უკვე შეუძლებელი იქნება. ტროტუარზეც კი მაღაზია დგას და სადღაც რომ პატარა სივრცეა, ისიც კი გაყიდულია. მერიას მუდმივად ის პასუხი აქვს, რა ვქნათ, წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა ტერიტორია და ახლა არაფერი ეშველებაო – თუ ასეთი მდიგომით ვიქნებით, ეს არ წაადგება ჩვენს მომავალს“, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ „კვირასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია. მათი ცნობით, ჰაერში განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდის შემცველობაა შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთანაა დაკავშირებული .

დღეიდან მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დაშვებულია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები