კახა კალაძე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მთელი ქალაქის მასშტაბით გრძელდება.

„მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. შეიძლება ითქვას, არა იმ ტემპით და მასშტაბით, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ გვიჭირს სამუშაოების წარმოება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, არ გავჩერდეთ. გზის მონაკვეთი იუსტიციის სახლის წინ, სადაც ახლა სამუშაოები მიმდინარეობს, ძალიან დაზიანებული იყო. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები აქ უკვე დაასრულა „თბილისი ენერჯიმ“ და ქსელი მთლიანად შეცვალა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზის მოწესრიგება და კილომეტრამდე მონაკვეთი, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში მთლიანად იქნება დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები. გარკვეულ მონაკვეთზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტის საფარის დემონტაჟი, რომლის დასრულების შემდეგ დაიგება გზის საფარი, დაახლოებით, 14 500 მ2 ფართობზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯი არ ჯი“ ასრულებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან რეაბილიტაციაზე 1 130 000 ლარი დაიხარჯება.

ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი აბუთიძე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები