ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია დიდ გასაჭირშია, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას

“ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია დიდ გასაჭირშია, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას”,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ილია მეორემ, მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა და დღესასწაულის შესახებ ისაუბრა.
„ეს არის უდიდესი დღესასწაული. მრავალი ტაძარი იყო აშენებული კვირაცხოვლობის სახელზე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას“. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. დღეს იყო აქ წაკითხული სახარება უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან კარდახშულთა, ე.ი კარი დაკეტილი იყო და იმ დაკეტილი კარით შევიდა მაცხოვარი და უთხრა „მშვიდობა თქვენთანა, მიიღეთ სულიწმინდა“. უფალი ჩვენც მოგვმართავს, მიიღეთ სულიწმინდა. მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად. არ იყო თომა მოციქული მათთან და როცა თომა მოვიდა, მოწაფეებმა უთხრეს, ვიხილეთ ჩვენ უფალი და უამბეს ყველაფერი. და თომამ უთხრა: „უკეთუ არა ვიხილავ სამსჭვალთა, არა დავსდებ ხელსა ჩემსა სამსჭვალსა ზედა ხელისა მისისა და გვერდსა მისსა, არა მრწმენეს“. სინამდვილეში თომა მოციქულს სწამდა, რომ მაცხოვარი ნამდვილად გამოეცხადა, მაგრამ გული შესტკიოდა იმიტომ, რომ ის არ იყო მოციქულებთან და ამით, ამ სიტყვებით აიძულებდა უფალს მეც გამომეცხადეო. 8 დღის შემდეგ გამოეცხადა. ისევ შევიდა კარდახშულთა და გამოეცხადა უფალი. პირდაპირ მიმართა თომას „აჰა, დასდევ ხელი შენი გვერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გწამდეს!“ დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა უფალო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმიდისა ჩვენთანაა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ჩვენ საშუალებას წირვა-ლოცვისა. მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელოება, ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არ არის ამისი საშუალება“, – განაცხადა პატრიარქმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები