ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის როლი დიდია
“მიუხედავად იმისა, რომ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა გვაქვს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, დახმარების გაზრდის მიზნით, მოლაპარაკებები დავიწყეთ ჩვენ პარტნიორებთან. გვაქვს მხარდაჭერის მოლოდინი, ვინაიდან სოფლის მეურნეობის სექტორი დონორთა ინტერესის სფეროა”,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორებთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ევროკავშირის დაფინანსებით, ჩვენი სოფლის განვითარებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება. USAD არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივი პარტნიორი, რომელიც ასევე ბევრ პროგრამას ახორციელებს. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაგვეხმარა ქართული ხორბლის მარაგების შევსებაში. ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ დამატებით 27 000 ტონა ხორბალს. ამ ხორბლის რეალიზაციით მიღებული თანხა კი, მოხმარდება მეცხოველეობის სეგმენტის განვითარებას.
ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიდის ინტენსიურად. ეს იმ დახმარებების პაკეტის ჭრილში შეიძლება განვიხილოთ, რომელსაც ქვეყანა იღებს არსებულ ვითარებაში იმისათვის, რომ ეკონომიკური ვარდნა შევავსოთ და არ მივიღოთ ზიანი”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.