უკრაინელი დეპუტატი: სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მმართველ ფრაქციაში მისი მხარდაჭერა შემცირდა
უკრაინის რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერობის კანდიდატი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის მმართველი გუნდის, “ხალხის მსახურის” წევრებს შეხვდა.
როგორც ფრაქცია “ხალხის მსახურის” წევრმა, ნიკიტა პოტურაევმა განაცხადა, შეხვედრის შემდეგ დეპუტატებში მისი კანდიდატურის მხარდაჭერა შემცირდა.
“შეხვედრაზე ვიყავი. სააკაშვილის კანდიდატურას ვუჭერ მხარს, მაგრამ შეხვედრის შედეგად ფრაქციაში მხარდაჭერა შემცირდა. არ ვიცი, რა მიზეზით”, – აღნიშნა პოტურაევმა.
მანამდე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე კორნიენკომ განაცხადა, რომ პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ სააკაშვილი სხვა ფრაქციების წევრებს შეხვდება, კანდიდატურაზე კენჭისყრა კი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას მოხდება.
როგორც ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა, ელენა მოენეცმა განაცხადა, სააკაშვილის დანიშვნის საკითხი სხვა ფრაქციებთან კონსულტაციებზეა დამოკიდებული, რადგან “ხალხის მსახურში” სააკაშვილს მხოლოდ დეპუტატების ნაწილი უჭერს მხარს – “ჩვენი ფრაქციის მხოლოდ ნახევარი უჭერს მას მხარს, რადგან მათ სააკაშვილთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ”.