რუსთავში სამკერვალო ფაბრიკამ პირბადეების წარმოება დაიწყო

რუსთავში პირბადეების ახალი საწარმო ამოქმედდა.  საწარმოს ხელმძღვანელობამ  რუსთავის მერიას 1000 ცალი პირბადე საჩუქრად გადასცა. პირბადეები მოხალისეებსა და იმ ადამიანებზე გადანაწილდება, რომლებიც ვირუსის გადადების განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

პირბადეების წარმოება, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან აქტუალურია. საწარმომ 1000 ცალი პირბადე გადმოგვცა უსასყიდლოდ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით საწარმოს ხელმძღვანელობას“, – განაცხადა რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ნინო ქვირიამ.

შპს ,,არ-ემ-სი გრუპი“  ყოველდრიურად 5-დან 7 ათასამდე პირბადეს კერავს და მასში 35 ადგილობრივი, მათ შორის, შშმ პირები არიან დასაქმებულნი. საწარმო ადრე სამკერვალო ფაბრიკის დატვირთვას ატარებდა და პროფილი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეიცვალა. პირბადეების წარმოება ლუგარის ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე ხდება. იკერება როგორც ერთჯერადი, ისე – მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები. ქარხანაში ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომები მაქსიმალურადაა დაცული და  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირებს.

შპს ,,არ-ემ-სი გრუპში” სამუშაო პროცესს, რუსთავის მერის მოადგილე ირმა მესხი და სოციალური სამსახურის უფროსი გაეცნენ. ამ ეტაპზე, საწარმო კერძო შეკვეთებზე მუშაობს და, საჭიროების შემთხვევაში, დღეში 15 ათასი ცალი პირბადის შეკერვის პოტენციალი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები