პოლონეთის ჩრდილოეთით, ბებჟანსკის ეროვნულ პარკში 6 000 ჰექტარი იწვის, ხანძრის ჩაქრობას ასობით ადამიანი ცდილობს.
RMF 24-ის ინფორმაციით, ხანძრის ქრობაში, რომელიც 19 აპრილიდან მძვინვარებს, ჩართულია თვითმფრინავები, საპოლიციო ვერტმფრენები, უპილოტო საფრენი აპარატები და ტერიტორიული თავდაცვის ძალების ჯარისკაცები.
აღინიშნება, რომ ეროვნულ პარკში გაზაფხულზე ხანძარი ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა წლევანდელი ყველაზე მასშტაბურია.
22 აპრილს ზოგიერთ ადგილში ხანძრის კონტროლზე აყვანა მოხერხდა, თუმცა მის ჩაქრობას რა დრო დასჭირდება, ჯერჯერობით, უცნობია.
ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ხანძარი სავარაუდოდ ფერმერების დაუდევრობით არის გაჩენილი.
ბებჟანსკის ეროვნული პარკი ქვეყნის უმსხვილესი პარკია, რომელიც 59 000 ჰექტარზეა გაშენებული.