„ამ ყველაფერს გააზრება უნდა: რა იქნება ჩვენთვის მომგებიანი როგორც პოლიტიკურად, ისე – ეკონომიკურად“ – ნიკოლეიშვილი ლავროვის განცხადებაზე
“რატომ ალაპარაკდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის, ახალი სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის შესაძლებლობისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით?”, – ამ თემაზე მედიაჰოლდინგი „კვირა“ ანალიტიკოსს, სამხედრო საკითხების სპეციალისტს ლევან ნიკოლეიშვილის ესაუბრა.
როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, რუსეთს, როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას, კორონავირუსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ანალიტიკოსის თქმით, რუსეთი ყველა შესაძლო ბაზრის თუ მოთამაშის მოძიებას ცდილობს, ვისთანაც ურთიერთობების დამყარებას შეძლებს.
„რაც შეეხება ლავროვის განცხადების პირველ საკითხს – საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, რა თქმა უნდა, ეს ასე ადვილი არაა, მთელი რიგი პროცესებია დასაწყები. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას სერიოზული საკითხი ედგა წინ – მოგეხსენებათ 2008 წლის ომი, სადაც ერთერთი მონაწილე რუსეთია. აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარეობს გარკვეული საკითხების განხილვა და ა.შ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 %, ეს არ არის ასე უბრალო საკითხი. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მომხრე ვიქნებით მაშინ, როცა ეს საკითხები მოგვარდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც პროცესის ნორმალიზაციას წაადგება. მაგრამ, ამ ნორმალიზაციის პროცესის მთავარი ქვაკუთხედი ოკუპირებული ტერიტორიებია.
მეორე საკითხი, რაც სავაჭრო ურთიერთობებს შეეხება – სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს რუსეთის ფედერაცასთან ამა თუ იმ კუთხით აქვს, ამ ურთიერთობების წინააღმდეგი არ ვართ. მაგრამ, რუსეთმაც უნდა გადადგას ნაბიჯები: ჩვენს პროდუქციას, რა თქმა უნდა, უნდა შეხედოს კრიტიკული თვალით, ოღონდ ობიექტურად და არა ისე, რომ დაიწყოს კატათაგვობანას თამაში, ჯერ გვითხრას მზად ვართ, მივიღოთ თქვენი პროდუქციაო და შემდეგ მათმა სანიტარულმა სამსახურებმა უაზრო პრეტენზიები წაგვიყენონ, ამით პოპულისტური ქულები დაიწერონ.
მესამე საკითხი, რაც ეხება ავიამიმოსვლას – საქართველოს დღეს თითქმის ყველა ქვეყანასთან აქვს გაჩრებული ავიამიმოსვლა კორონავირუსთან დაკავშირებით, მაგრამ თუ საუბარია მომავალზე, მომავლის განხილვა და მოლაპარაკებები შეიძლება“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, მოლაპარაკება ნებისმიერ საკითხზე შეიძლება, ოღონდ ამ ყველაფერს გააზრება, დაგეგმვა და აწონ-დაწონა უნდა – რა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი როგორც პოლიტიკურად, ისე – ეკონომიკურად.
„ბოლოს რომ შევაჯამოთ, რატომ ახლა და რატომ მანამდე არა. რუსეთს ისევე, როგორც მსოფლიოს, ძალიან ბევრ ქვეყანას, კორონავირუსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები უდგას. იცით, რომ ეკონომიკური საკითხები იქნება საკმაოდ სერიოზული , ეკონომიკური კრიზისები შეიძლება დაიწყოს ბევრ ქვეყანაში, რისი გამორიცვაც არ რუსეთთან მიმართებაში შეიძლება. რუსეთი ხედავს, რომ საქართველოს პანდემიის არგავრცელებასთან მიმართებაში საკმაოდ კარგი შეფასებები აქვს .
ის ცდილობს , ყველა შესაძლო ბაზრის, თუ მოთამაშის მოძიებას, ვისთანაც შეიძლება ურთიერთობები დაამყაროს. მას გაუჭირდება ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობების ისე წარმართვა , როგორც გუშინ იყო, თუნდაც ავიღოთ იგივე ნავთობზე ფასების დაცემა და ა.შ ამიტომ, ყველა შესაძლებლობას ფიქრობს, რომ გამოიყენოს, მათ შორის საქართველოცაა. აქ გასაკვერი არაფერია. აკეთებენ იმას ,რაც მათ ეროვნულ ინტერესშია, აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესდეს. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ არიქა და რუსეთის საქართველოზეა დამოკიდებული, მაგრამ მათ შორის საქართველოსთან მიმართებით ფიქრობენ, ახალი ნაბიჯები გადადგან.
მოლაპარაკება ნებისმეირ საკითხზე შეიძლება, ოღონდ ამ ყველაფერს გააზრება, დაგეგმვა და აწონ-დაწონვა უნდა – რა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი როგორც პოლიტიკურად, ისე – ეკონომიკურად”, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის, საქართველოსთან ახალი სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის შესაძლებლობა განიხილოს, თუ ამგვარი წინადადება თბილისიდან წამოვა.
“მზად ვიქნებით, დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ, რადგან მათი გაწყვეტის ინიციატორები არ ვყოფილვართ. ალბათ, უნდა დაველოდოთ იმას, როგორ მიუდგებიან ქართველი კოლეგები ამ საკითხს. სავაჭრო წარმომადგენლობებიც ითვალისწინებენ რაიმე სახის შეთანხმებებს. არ მგონია, ამან უეცრად რაიმე უპირატესობაა გაზარდოს, მაგრამ თუ შემოგვთავაზებენ, ნამდვილად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას”, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსი დიპლომატის თქმით, ის იზიარებს საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებას და ამის გაკეთება აუცილებელია “ორი ქვეყნის მოქალაქეების სასარგებლოდ”. მისივე თქმით, რუსეთი, ასევე, იმედოვნებს, რომ უახლოეს დროში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის მოგვარება მოხერხდება.
თამუნა შეყილაძე