ლადო კახაძე: დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა იმდენად გონიერია, სწორად ხედავს covid 19-თან ბრძოლაში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა იმდენად გონიერია, სწორად ხედავს covid 19-თან ბრძოლაში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ექიმმა, ლადო კახაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ლადო კახაძე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს უჭერს.

„ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებას, რომ ამ შემთხვევაში მდგომარეობის რეალისტურად შეფასების გზაზე, მთავარია, ექიმთა საზოგადოების მიერ გაკეთებული დასკვნა და მათი წინადადება, როგორი ღონისძიებები გაატაროს ხელისუფალმა. ეს არის სწორი გზა. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვიცით, რომ მთავრობა მუშობს ეკონომიკური პოლიტიკის იმ საფეხურების გასავლელად, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოსვლას დაემთხვევა, ანუ როგორი უნდა იყოს პირველი ნაბიჯები. საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა გარკვეულია, ანუ იმ თანხის მოცულობა გარკვეულია, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში ჩაეშვება , რომ დაიქოქოს. პრიორიტეტებიც განსაზღვრულია, რამდენადაც მე ინფორმაციას ვფლობ.
ვიცით, რომ ეს არ არის ერთი ქვეყნის პრობლემა, ეს არის მსოფლიო პანდემია. ახლა ვუსმენდი, ნავთობის ფასის კატასტროფული ვარდნა მოხდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყველაზე მეტად გაუჭირდა სამასპინძლო ბიზნესს, ეს არის ტურიზმი, სასტუმროები, რესტორნები, გაუჭირდა სპორტულ ღონისძიებებს, ოლიმპიადა გადაიდო, ეს ვიცით. ეს განა ოპოზიციამაც არ იცის? მაგრამ ისიც იცის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამაში ღრმად ჩახედული არაა. ვერ გავამტყუნებ, ოპოზიცია ამით ვაჭრობს, ამით თავის ადგილს იმკვიდრებს, ეს პოლიტიკური ბრძოლაა. მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა იმდენად გონიერია, სწორად ხედავს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს”, – განაცხადა ლადო კახაძემ „კვირასთან“ საუბრისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები