გიორგი ხოჯევანიშვილი: შიდა ქართლის მასშტაბით ყველა სასაფლაო დაიკეტება
“შიდა ქართლის მასშტაბით ყველა სასაფლაო დაიკეტება”, – აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით კოვიდ -19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
“შიდა ქართლში, ისე, როგორც დანარჩენ საქართველოში, დღეს, 12 საათიდან ამოქმედდა კიდევ უფრო გამკაცრებული რეჟიმი, რაც ითვალისწინებს ავტომობილებით გადაადგილების სრულ შეზღუდვას. ამ თვალსაზრისით, სრულ კონტროლი აქვთ პოლიციასა და შესაბამის ორგანოებს და თითოეულ დამრღვევზე იქნება მკაცრი რეაგირება. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს იმას, რომ არ მოხდეს პანდემიის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელება ჩვენს რეგიონსა და მთლიანად საქართველოში. რაც შეეხება რეგიონში ინფიცირებულ პაციენტებს – მსგავსი შემთხვევების ირგვლივ ჩატარდა თერმოსკრინინგი. არცერთი დამატებითი საფრთხე და რისკისშემცველი ადამიანი არ შეინიშნება არც ხაშურის და არც კასპის ლოკაციაზე. გუშინ დამატებით იქნა კიდევ აღებული სინჯები და ველოდებით პასუხებს. ყველა მუნიციპალიტეტში, ეს არ ეხება მხოლოდ შიდა ქართლს, სრულიად საქართველოს მასშტაბით დაიკეტება სასაფლაო. ესეც არის ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთშეთანხმება”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.